მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეი ლავროვი: იმედი მაქვს საქართველოსთან ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება

5f3f9e25347d8
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 13:52
2347
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალ "ტრუდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლა "უახლოეს მომავალში აღდგება." ლავროვმა ამ განცხადებაში არ აღნიშნა, რომ ფრენების შეჩერება რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება იყო და ის საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციის ხასიათს ატარებდა. ამის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ფრენების აღდგენა, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული. 

სერგეი ლავროვის განცხადება:

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით. რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ,“- აღნიშნა ლავროვმა.

ზურაბ აბაშიძის პასუხი:

რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს. აბაშიძის თქმით, ფრენების შეჩერება რუსეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო და მათი აღდგენაც მოსკოვზე არის დამოკიდებული. 

"ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული, ცხადია შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში. საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი - აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. პუტინმა საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება 20 ივნისის საპროტესტო აქციის შემდგომ მიიღო, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა რუსული ოკუპაცია და დუმის დეპუტატის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება გააპროტესტეს.

რაც შეეხება საქართველოს მიერ სხვა ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენას, არსებული მდგომარეობით აკრძალვა, რომელიც ხუთი თვის წინ დაწესდა სექტემბრის ბოლომდე იქნება ძალაში. უცნობია გაგრძელდება თუ არა ეს შეზღუდვა ოქტომბერშიც. ამასთან ქვეყანაში რეგულარული ფრენებისთვის მხოლოდ სამი გამონაკლისი არსებობს, რომელთაც Lufthansa (თბილისი-მიუნხენი); Air France (თბილისი პარიზი) და Air Baltic-ი (თბილისი-რიგა) ასრულებენ.