ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენა და სავიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო. ლავროვის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და ლავროვის ნათქვამს “ფაქტის კონსტატაცია” უწოდა, რადგან შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან ნამდვილად გაფორმდა, თუმცა ეს პუტინის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო და “ამაში სკანდალური არაფერია”.
სერგეი ლავროვის ამ განცხადებასა და რუსეთთან ფრენების აღდგენაზე BMGTV-ს გადაცემა “ანალიტიკაში” საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ჭრილში აფასებს.
“რაც ჩვენ მეზობლად, სომხეთში ხდება, ძალიან მძიმე ვითარებაა, იმიტომ რომ ბოლო წერტილი სად ჩანს?! რით შეიძლება დამთავრდეს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის რუსეთთან თამაში, რომელიც ამდენი წელი გრძელდებოდა, თითქოს მათთვის სიკეთე უნდა მოეტანა და მოუტანა უბედურება - ამ კონტექსტში ვხედავთ ლავროვის განცხადებასაც. თითქოს რუსეთს მეგობარი ჰყავს კავკასიაში. აზერბაიჯანი მეგობარი სახელმწიფო ნამდვილად არ არის, პრაგმატული ურთიერთობაა მათ შორის, და “მეგობარი” დასჭირდათ ქართველი, საქართველოს მთავრობა. ლავროვის ეს განცხადება ისევ რუსეთის მოქალაქეებზე იყო გათვლილი, რომ თითქოს ისე არ არის საქმე, კავკასია დაგვეკარგოსო.
რატომ ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთთან ჩუმად რაღაცას მოილაპარაკებს და რუსი ამას არ გაამხელს? ძალიან დიდი უჭკუობაა. ღარიბაშვილის განცხადება სკანდალური არის, რადგან თავიდანვე აცხადებდა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, და მხოლოდ ახლა განაცხადა, რომ მთავრობისგან თანხმობა ნამდვილად იყო - სკანდალია ნამდვილად”, - აცხადებს კოტე კემულარია.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წელს საქართველოსთან დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებასა და უვიზო რეჟიმის დაწესების ბრძანებას მიმდინარე წლის 10 მაისს მოაწერა.