მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის თანადაფინანსებისთვის პროგრამას "აწარმოე საქართველოში" 80-მდე სასტუმრომ მიმართა

5e8b3f9c25516
სალომე მეცხვარიშვილი
07.04.20 10:15
1488
მთავრობის ახალ პროგრამაში ჩართვა ამ დროისთვის 80-მდე ბიზნესსუბიექტს სურს. საუბარია, სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის 80%-მდე სესხის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამა სახელმწიფო პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს.

“აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ბოსტაშვილი ამბობს, რომ ონლაინ განაცხადების მიღება ახალ პროგრამაზე პირველი აპრილიდან დაიწყო. სესხის თანადაფინანსებისთვის სახელმწიფოს მიმართეს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან - კახეთი, იმერეთი, აჭარა და ა.შ.

“სააგენტომ განაცხადების მიღება პირველი აპრილიდან დაიწყო, ეს პროცესი გაგრძელდება პირველ მაისამდე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პირველ მაისამდე არ მოვახდენთ შემოსული განაცხადების დადასტურებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი განრიგი. ველოდებით ბანკებისგან უკუკავშირს, როგორც კი შემოვა ბანკებისგან დადასტურებული განაცხადები, თანხებს გამოვყოფთ სუბსიდირებისთვის”,- აცხადებს ლაშა ბოსტაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 80-მდე განაცხადია შესული, თუმცა, ისინი ზრდას ელოდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტული სექტორი კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

რაც შეეხება შეკითხვას, რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი პროგრამისთვის, ლაშა ბოსტაშვილი ამბობს, რომ ზედა ზღვარი დაწესებეული არ აქვთ და მზად არიან, იმდენ სასტუმროს დაუფინანსონ სესხი, რამდენიც მიმართავს.

თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის გულისხმობს 6 თვის განმავლობაში სესხის თანადაფინანსება 4-დან 50-ნომრამდე სასტუმროებისთვის. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სესხები როგორც ეროვნულ ვალუტაში, მაქსიმუმ მილიონ ლარამდე. ასევე, უცხოურ ვალუტაში - 300 ათასი დოლარისა და 250 ათასი ევროს მოცულობით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სესხი არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.