მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება ინვესტიციების სააგენტოს - მთავრობამ დადგენილება მიიღო

მიხეილ ხიდურელი

საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების სააგენტოს დებულება დაამტკიცა და განსაზღვრა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციები, სტრუქტურა და უფლებამოსილებები. სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში 2026 წლის აპრილში მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიქმნა და ის პასუხისმგებელია როგორც ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე, ისე საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტების კოორდინაციაზე.

სააგენტოს ფუნქციები

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პრიორიტეტულ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნება. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააგენტო „უზრუნველყოფს პრიორიტეტული სექტორების შერჩევასა და ამ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“, ასევე „უზრუნველყოფს საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერასა და რეინვესტირების ხელშეწყობას.“

სააგენტო ასევე უზრუნველყოფს პოტენციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციას, საინვესტიციო კვლევების ჩატარებას, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებას, საერთაშორისო გამოფენებისა და სავაჭრო ღონისძიებების ორგანიზებას, ასევე ექსპორტიორი კომპანიებისთვის კონსულტაციების გაწევას.

დადგენილებით, სააგენტოს დაეკისრება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული ფუნქციებიც. მათ შორისაა PPP პროექტების იდენტიფიცირება, კონცეფციების შეფასება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში სახელმწიფო უწყებების დახმარება და პროექტების მონიტორინგი. დოკუმენტის მიხედვით, სააგენტო „ქმნის და მართავს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზას.“

სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს ხელმძღვანელს ეკონომიკის მინისტრი დანიშნავს. ორგანიზაციაში ექვსი დეპარტამენტი იმუშავებს: ინვესტიციების, ექსპორტის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ადმინისტრაციული, ასევე კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტები.

დადგენილების მიხედვით, ინვესტიციების დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება „საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“, ხოლო ექსპორტის დეპარტამენტი უზრუნველყოფს „საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებას და ამ ბაზრებზე შესვლის მიზნით საერთაშორისო გამოფენების, ე.წ. Trade Show-ების, B2B შეხვედრებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზებას.“

სააგენტოს დაფინანსების წყაროებად სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებია განსაზღვრული. ამასთან, დებულება ავალდებულებს სააგენტოს, რომ „უზრუნველყოს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება“, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ "ინვესტიციების სააგენტო" მიმდინარე წლის აპრილში „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე შეიქმნა „ეკონომიკის განვითარების კორპორაციასთან“ ერთად. ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა, ხოლო ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარედ მიხეილ ხიდურელი, რომელიც იქამდე "აწარმოე საქართველოში"-ს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ინვესტიციების სააგენტო ადრეც არსებობდა. 2017 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო“ გაუქმდა. მანამდე, 2016 წლის ნოემბერში, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების მიზნით სააგენტო „მეწარმეთა სააგენტოს“ შეუერთდებოდა, რომელსაც მოგვიანებით „აწარმოე საქართველოში“ ეწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები