მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა ალვერდაშვილი: ტურიზმის აღდგენას, შესაძლოა, აფეთქების სახე ჰქონდეს

5fec985a21539
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.20 13:00
2540
ტურიზმი ეკონომიკის იმ სექტორებს შორისაა, რომელიც არა მხოლოდ - საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის 10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.84 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს კი ეს რიცხვი მხოლოდ $516 მილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია. ამასთან, წლევანდელი ტურიზმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი (427 მილიონი დოლარი) მოდის იმ პერიოდზე, სანამ საზღვრები დაიხურებოდა და "ლოქდაუნი" გამოცხადდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოში ტურიზმის სექტორის შემოსავლების 2019 წელს არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას, როცა ქვეყანამ 3.3 მლრდ დოლარი მიიღო, 2024 წელს შეძლებს.

„პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმი იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ლოკომოტივი”, - აცხადებს Bm.ge-ისთან სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი. შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, 2020 წელი ტურიზმის სექტორისთვის, განსაკუთრებულად მძიმე იყო, რაც 300 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირებაში გამოიხატა.

საქმე იმაშია, რომ ეპიდემიის გავრცელების დასაწყისშივე ტურიზმის სექტორი პირველი იყო, ვინც შემოსავლების შემცირება იგრძნო და მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს მიმართა, რადგან covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის პირველი ნაბიჯი სწორედ საზღვრების ჩაკეტვა იყო.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, პანდემიამ ცხადყო, რომ ქვეყნის ეკონომიკა ბევრად მეტადაა დამოკიდებული ტურიზმზე, ვიდრე ეს ოფიციალური მაჩვენებლებით ჩანდა.

„პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმი იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ლოკომოტივი. საუბრები იმაზე, რომ ტურიზმი იყო ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 8%, გაბათილდა. ტურიზმის სექტორში პირდაპირ თუ არაპირდაპირ დასაქმებული ადამიანების წილი მინიმუმ 20%-ს შეადგენდა. ქვეყნის არამხოლოდ მშპ-ის, არამედ მთლიანად მოსახლეობის დასაქმების კუთხითაც ტურიზმის წილი 20% იყო, რაც ახლა დავინახეთ. სასტუმროების სექტორში სამსახური, დაახლოებით, 100 000-მა ადამიანმა დაკარგა, ხოლო სარესტორნო ბიზნესში - 200 000-მა. ჯამში, სექტორში სრულად თითქმის 300 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი ტურიზმზე დამოკიდებული ყოფილა“, - განმარტა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ტურიზმის აღდგენას, შესაძლოა, აფეთქების სახე ჰქონდეს, რისთვისაც ქვეყანა მზად უნდა იყოს.

„როგორც კი პანდემია გადაივლის, მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ სექტორს მხარში, რათა დარგი ეკონომიკის ისევ ისეთი გამწევი ძალა გახდეს, როგორიც პანდემიამდე იყო. სექტორი სწრაფად რომ აღდგეს, პირადად, მე შემიძლია 1 000 ადამიანი დავასაქმო. ტურიზმის სექტორი იქნება ერთ-ერთი სწარფად დამსაქმებელი სექტორი. ხვალ რა მოხდება ტურიზმის სექტორში არავინ იცის, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემაზდოთ იმისთვის, რომ, შესაძლოა, ტურიზმის სექტორი ბუმით გაიხსნას ანუ შესაძლებელია ვირუსის გადავლის შემდეგ ადამიანებმა სწრაფად მოგზაურობა დაიწყონ. ბევრთან მაქვს საუბარი და ისინი მოგზაურობისთვის მზაობას გამოთქვამენ. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა პირველ ადგილზე დავაყენოთ და ტურისტებს მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ“, - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.

ამასთან, შალვა ალავერდაშვილი სექტორის სამომავლო სტრატეგიის დასახვას ნაადრევად თვლის, რადგან არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გამო შესაძლოა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდეს, თუმცა ამ პროცესში სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიზნეს სექტორმა, თანდათან, მზადება უნდა დაიწყოს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს გავაკეთებთ. მე დღეს ჩემს პარტნიორებს - ისრაელში, უკრაინაში, რუსეთში, ევროპაში, ამერიკაში ვერაფერს შევპირდები, რადგან არ ვიცი რა მოხდება ხვალ და ვერც ვერავინ გვეტყვის ამას ჯერჯერობით. ამიტომ მირჩევნია დღეს მოვემზადო, ინფრასტრუქტურა და პერსონალი მყვადეს მზად და შევძლო დასაქმებულების შენარჩუნება, მათი გადამზადება მოვახდინოთ. ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც ახალი თაობის ტრეინინგები უნდა მიდიოდეს.

როგორც კი გამოცოცხლების პირველი ნიშნები გაჩნდება, ჩვენ - კერძო სექტორი და სახელმწიფო ალბათ ერთად დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გავაკეთოთ მომავლისთვის. კომუნიაცია სახელისუფლებო უწყებებთან გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ნებისმიერი რამის გაკეთება, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩნდეს და შეიძლება ფუჭად დაიხარჯოს ენერგიაც და სახსრებიც. როგორც კი პატარა გამონათება იქნება, იმედი მაქვს, რომ ერთად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, რომელ ბაზრებზე გავიდეთ და რომელი ბაზრები იქნება სასწრაფოდ ასათვისებელი“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.