მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-5 კურორტი, რომელიც მთავრობამ თანმიმდევრულად უნდა განავითაროს - ალავერდაშვილის ხედვა

64400099cbc76
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 11:00
1607
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ქვეყნის მასშტაბით 5 კურორტს ასახელებს, რომელიც მთავრობამ თანმიმდევრულად უნდა განავითაროს.

კურორტების განვითარების საკითხზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენელმა გადაცემა #წერტილში ისაუბრა, სადაც აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ გაცხადებული ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა ბიზნესისთვის უცნობი იყო.

ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, რაჭა და გურჯაანი - ეს ის ადგილებია, სადაც ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, კურორტების განვითარება მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის 5 ძირითადი კურორტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის ბორჯომი, წყალტუბო - ორი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა განვითარდეს, რაჭა, ურეკი და კახეთში გურჯაანის მიმართულება. მთელ საქართველოზე, რომ გადავანაწილოთ ასეთი იქნებოდა 5 ძირითადი კურორტის ჩამონათვალი“, - ამბობს ალავერდაშვილი.

კითხვაზე - რა არის საჭირო ქვეყანაში კურორტების განვითარებისთვის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს მსოფლიოში საქართველოს კურორტების აღიარებაა.

„ჩვენი კურორტები ნამდვილად კურორტებია და ჩვენ არაფერს ვიგონებთ, მაგალითად, გურჯაანის ახტალის ტალახი რეალურად კურორტია და შველის სხვადასხვა დაავადებას. ამას მსოფლიო დონეზე აღიარება სჭირდება.

კურორტებს რაც სჭირდება, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება - წყალი, კანალიზაცია, დენი, გაზი.

ბორჯომის მაგალითზე გეტყვით, რომ სასტუმროებს აქვთ ვალდებულება, ნარჩენები გადამუშავდეს და პირდაპირი სახით მდინარეში არ უნდა ჩაიღვაროს. ამ მხრივ სასტუმროები ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანას ეს ინფრასტრუქტურა განვითარებული არ აქვთ.

გაზის საკითხთან დაკავშირებით უწერაში პირველად 2010 წელს ვიყავი და მაშინ საუბრობდნენ, რომ გაზი იქნებოდა, სასტუმრო 2021 წელს გავხსენით და მაშინაც ეს საუბარი იყო - ეს არის ინვესტორისთვის პირველი დამაბრკოლებელი ფაქტორი, როდესაც ინვესტორს პროექტისთვის გათვალისწინებული თანხის გარდა, დამატებით გარშემო ინფრასტრუქტურის გაკეთებისთვის თანხების ჩადება უწევთ“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 18 აპრილს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა წარადგინა, რომლის ბიუჯეტი 5 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარი იქნება. პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები