05.ივლისი .2022 17:56

შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში შესული რუსული ტანკერის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში შესული რუსული ტანკერის შესახებ განცხადებას ავრცელებს
views 667
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში შესული რუსული ტანკერის - VF Tanker-15-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების თანახმად, ხომალდის არც მფლობელი არც ოპერატორი სანქცირებული არაა და ის სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული საქონლით არის დატვირთული.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი (რეგისტრაციის ნომრით- m/v “VF Tanker-15” IMO # 9645047), რომელიც დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული ტვირთით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

ამასთან, განვმარტავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი (რეგისტრაციის ნომრით - NEFTERUDOVOZ-47M) არის ბალასტით ანუ ტვირთის გარეშე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი შემოსულია ეგვიპტიდან, „დამიეტტას“ ნავსადგურიდან, ხოლო ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის გატანას ექსპორტზე.

აღნიშნულ გემზე, ისევე როგორც ტვირთზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა (აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 30 ივნისს გაავრცელა).

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქართველომ 27 ივნისს, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ESEN KA ბათუმის პორტიდან გააბრუნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამავე დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც გემზე არსებული ნავთობი თურქეთისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ ტვირის წარმომვლობა დაკავშირებული იყო სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, რის გამოც საქართველომ ტვირთის მიღებაზე უარი თქვა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა