მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რატომ აფრთხილებენ ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ მოქალაქეებს

60365de2c6ee2
BM.GE
24.02.21 18:16
1008
შემოსავლების სამსახური BM.GE-სთან განმარტავს, რატომ აფრთხილებენ ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ მოქალაქეებს. მიმდინარე კვირაში bm.ge-მ მოამზადა მასალა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ოფიციალური უწყებიდან უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და აფრთხილებდნენ, რომ თუ ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებული, უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებული მომხმარებლები წერდნენ. შემოსავლების სამსახურის სახელით განხორციელებულმა ზარებმა Facebook-ის მომხმარებლებში დაბნეულობა და კითხვის ნიშნები გამოიწვია. ზოგი ამბობდა, რომ პროდუქციას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს და მხოლოდ იმ ნაწილს ყიდის, რომელიც არ სჭირდება, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად; ზოგიერთი კი მიიჩნევდა, რომ პანდემიის პერიოდში ერთადერთი შემოსავალი ონლაინ ვაჭრობაა და სახელმწიფოს მხრიდან ხისტი დამოკიდებულება არასწორია.

BM.GE-მ შემოსავლების სამსახურს სთხოვა განმარტება, რას უკავშირდებოდა აღნიშნული კონტაქტი მომხმარებლებთან? უწყებაში განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია მხოლოდ იმ პირებს ევალებათ, რომლებიც ონლაინ ვაჭრობით მუდმივად არიან დაკავებული და არა ის პირები, რომლებიც ელექტრონულად პროდუქციას ერთჯერადად ყიდიან.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს უბრალოდ საინფორმაციო კამპანია გადამხდელთა ცნობიერების ამაღლების და ნებაყოფლობითი კანონმორჩილების წახალისების მიზნით.

თუმცა, რის მიხედვით, არჩევს შემოსავლების სამსახური პირებს, რომლებსაც უნდა დაუკავშირდეს, ამაზე პასუხი BM.GE-ს ჯერ არ მიუღია.

გთავაზობთ უწყებისგან მიღებულ პასუხს:

“გადასახადის გადამხდელად დროული რეგისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საგადასახადო ვალდებულებას, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მოცემული მიმართულებით შესაბამის ადმინისტრირების ღონისძიებებს, რის ფარგლებშიც, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, გადამხდელთა ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი პოპულაციის ინფორმირების და ნებაყოფლობითი კანონმორჩილების წახალისების მიზნით.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოცემულ ეტაპზე ხორციელდება როგორც შეტყობინებების დაგზავნა, ასევე კონკრეტულ ფიზიკურ პირებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია, მათი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაფრთხილება.

ასევე, მიმდინარეობს კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე (მაგალითად საცხოვრებელი ბინების გამქირავებელი ფიზიკური პირები, ონლაინ ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და სხვა) მორგებული ვიდეორგოლების მომზადება, რომელთა განთავსდება ეტაპობრივად მოხდება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, გავრცელდება მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში და მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

დამატებით აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გამარტივებისათვის, უახლოეს პერიოდში შემოსავლების სამსახურში შესაძლებელი იქნება გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეო ზარის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა ითვალისწინებს საგადასახადო პასუხიმგებლობას სანქციის სახით”,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.