20.მარტი .2020 13:42

„შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაგვადო“ - რატომ მოხდა და როგორ უნდა მოიქცნენ კომპანიები

views 3053
უკან

Facebook-ში ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები წერენ, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო.

„ბიზნესს ვეხმარებითო, ხომ თქვეს?! გადასახადებს 3 თვით გივადებთო, დღეს შეტყობინება მომივიდა, რომ „ზაზანოვას“ ანგარიშზე შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაგვადო. რა ხალხი ხართ?! ვინ ხართ?! ასეთ დროს, როდესაც ყველა დანაზოგი თანამშრომლებს გავუნაწილეთ შიმშილით რომ არ შეწუხებულიყვნენ, კიდევ წიხლს გვაჭერთ“, - წერს სოციალურ ქსელში „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე.

Bm.ge მეტი დეტალის გასაგებად მარინა სალუქვაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ყველა კომპანიას ინფორმაცია ინდივიდუალურად მიეღო.

„Rs.ge-ზე ყველა კომპანიას აქვს თავისი კოდი და იქ მოდის ყველა შეტყობინება; ერთი თითის დაჭერა იყო საჭირო, რომ ყველას მოსვლოდა ინფორმაცია ისე, როგორც ეს გააკეთეს ბანკებმა. ბევრი კომპანია, ისევე როგორც ჩვენ, ენდო პრემიერის სიტყვას, რომ მოხდებოდა რიგი გადასახადების გადავადება. ვფიქრობ, საინფორმაციო კამპანია არ იყო სათანადო და ეს შედეგი დადგა. ასე არ შეიძლება. გვესმის, რა ვითარებაა ქვეყანაში, ყველა სტრესშია, მაგრამ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ვალდებულები არიან, სათანადო ინფორმირება უზრუნველყონ. მეც ამ ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია არაფერზე, პირიქით, პირველივე დღეს დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, როგორ შეიძლება ქვეყანას გამოვადგეთ. ვთქვით, რომ სანამ დავიხურებოდით, 4-5 ოჯახს საკვებით მოვამარაგებდით, მაგრამ ისეთ ვითარებაში ჩაგვაგდეს, ბოლო თანხებსაც ინკასო დაადეს“, - ამბობს მარინა სალუქვაძე.

ცნობისთვის: 16 მარტს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია ყველა კომპანიას არ ჰქონდა ან არ მოუსმენია.

მარინა სალუქვაძის თქმით, უკვე დაწერა შესაბამისი განცხადება და იმედი აქვს, რომ ინკასოს მალე მოხსნიან „ზაზანოვას“ საბანკო ანგარიშს.  

სოციალურ ქსელში კიდევ რამდენიმე კომპანიის პოსტი გავრცელდა მათ ანგარიშებზე ინკასოს დადებასთან დაკავშირებით. მაგ.: „ასორტი“ და ა.შ. ამიტომ Bm.ge შემოსავლების სამსახურს უკვე დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამზადებენ საერთო განმარტებას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა