მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენიშვნები იყო, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ - ზალკალიანი

615abe82bae4e
ინგა მურუსიძე
04.10.21 12:53
406
შენიშვნები იყო, თუმცა მთლიანობაში საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გუშინ და დღეს გაკეთებულ განცხადებებს. ყველაზე მწვავე იყო აშშ-ის საელჩო საქართველოში, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით, დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. სელჩოს მსგავსი პოზიცია აქვს ეუთო/ოდირს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში იყო ბრალდებები დაშინებაზე, ზეწოლაზე და ა.შ. ამასთან, ეუთო-ს დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არჩევნები პოლიტიკური კრიზისის ფონზე წარიმართა.

„გვესმის შენიშვნები, გუშინ ეუთო-ს დირექტორთან და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას საუბარი იყო, რომ არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში, არამედ ბევრ ქვეყანას, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს, იმ ქვეყნებშიც კი არის მსგავსი პრობლემები. ეს გასათვალისწინებელია და იმავე განცხადებებში არის საუბარი, რომ მეორე ტურისთვის და შემდგომი არჩევნებისთვის გათვალისწინებული და გამოსწორებული უნდა იყოს ეს ყველაფერი.

არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არსად დგას. მე ძალიან კარგად ვიცი რა ენით იწერება და რას ნიშნავს არჩევნებისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება, ეუთოს სტანდარტები და შეფასებები. როცა ასეთი შეფასებები კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის საერთაშორისო საზოგადოებისგან აღიარება. არ უარვყოფ, რომ იყო შენიშვნები, იყო საუბარი ხარვეზებზე, მაგრამ მოწოდებაა ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომ მოემზადონ მეორე ტურისთვის და შენიშვნები უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შენიშვნები იყო, პრობლემებიც გამოკვეთა, რომელიც იყო არჩევნებზე, თუმცა მთლიანობაში, საერთაშორისო დასკვნა არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგებს და ეს არის მთავარი.