10.მაისი .2022 00:44

შესაძლოა, ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი დაკორექტირდეს

შესაძლოა, ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი დაკორექტირდეს
views 4744
უკან

“სერიოზულად უნდა ვისაუბროთ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის კორექტირებაზე”, - ამის შესახებ BM.GE-სთან ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ისაუბრა. როგორც მამუკა სალუქვაძე აცხადებს, გენგეგმაზე მუშაობის პროცესში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება და მათ შორისაა, სწორედ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის შესაძლო ცვლილება. მისივე თქმით, "საკითხზე მნიშვნელოვანი მსჯელობაა საჭირო".

“სერიოზულად უნდა ვისაუბროთ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის კორექტირებაზე. ეს არის დასაშვები და უნდა გაკეთდეს თუ არა მსგავსი რამ, რადგან არის გარკვეული ადგილები, სადაც უარგუმენტოდ, ხელოვნურად არის გაყოფილი ქალაქი ადმინისტრაციული საზღვრით, მაშინ როცა პრაქტიკულად, იდენტური ტერიტორიებია და ერთნაირი განაშენიანება არის საზღვრის აქეთ და იქით მხარეს. რატომ გაიყო თავის დროზე, ეს ჩვენთვის უცნობია. ამაზე საკმაოდ კონკრეტული სამუშაო იქნება ჩასატარებელი", - აცხადებს "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

“სითი ინსტიტუტმა” გენგეგმის პირველი ეტაპი დაასრულა. გარდა ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრებისა, კომპანიის დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება ჭოროხის ნაგავსაყრელზეც, რომლის ადგილმდებარეობაც შესაცვლელია. ამასთან, სალუქვაძის თქმით, “სითი ინსტიტუტმა” ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უკვე მიაწოდა სანიაღვრე სისტემის რუკები, რაც წლების განმავლობაში ბათუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ამასთან, კონკრეტულ არეალებში მშენებლობების დროებითი შეზღუდვის შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი უკვე მზადაა, რომელიც ბათუმის მერიას ხვალ წარედგინება.

მამუკა სალუქვაძის თქმითვე, ძირითადი შეზღუდვები მესამე და მეოთხე კატეგორიის ობიექტებზე გავრცელდება. მისი თქმით, შეზღუდვები 1 წლით მაინც უნდა ამოქმედდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა