მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეზღუდვების მოხსნა 2-3 კვირაში დასრულდება“ - თენგიზ ცერცვაძე

6031731badd4d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.21 00:34
5115
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 2-3 კვირაში დასრულდება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა უნდა მოუფრთხილდეს იმ მიღწევას, რაც დადებითობის 3%-მდე შემცირებას გულისხმობს. ის აღნიშნავს, რომ უშუალოდ არ არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, თუმცა იცის, რომ საბჭო ყოველკვირეულად ახალ შემსუბუქებას განიხილავს.

„ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები. მე არ ვიცი, ზუსტად როდის მოხდება შემდეგი შემსუბუქებები. იცით, ახლა მთავრობაში ცვლილებებია. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვა იხსნება. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც 2-3 კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

მთავარია უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ – კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პირბადე ინფექციის გადაცემის გარანტირებული დაცვაა.

„გახსოვთ დრო, როცა ამბობდნენ, რომ პირბადე არ არის გარანტირებული დაცვა ინფექციის გადაცემისგან. არა, პრაქტიკულად, გარანტირებული დაცვაა. იმაზე მეტად გარანტირებულია, ვიდრე გვეგონა. ამიტომ ახლა უმთავრესია, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას სოციალური დისტანცია. დანარჩენი, რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას და რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, მოსახლეობა პირბადეების ტარებას მასობრივად თუ გააგრძელებს, უბრალოდ, დროის ამბავია, ვაქცინის შემოტანაც და შეზღუდვების მოხსნაც. ხანგრძლივი დროის ამბავი არაა, უმოკლეს დროში მოხდება“, – აღნიშნავს ის.