მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შსს-ს თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს 10 წუთში უნდა დაიცალოს ბარიო” – დედაენის ბარი

5f5fa7b28c7bd
ანუკა ჯოხაძე
15.09.20 00:00
2495
“შსს-ს თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს 10 წუთში უნდა დაიცალოს ბარიო”- ამის შესახებ BM.GE-ის ბარ “დედაენას” დამფუძნებელმა დათა ლაფაურმა განუცხადა. როგორც ლაფაური ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ დახურვის მიზეზად 9 სექტემბერს ძალაში შესული დადგენილება დაუსახელეს, რომელიც როგორც სოციალურ ღონისძიებებს, ისე ღამის კლუბების საქმიანობას კრძალავდა.

თუმცა ლაფაური ამბობს, რომ აღნიშნული დადგენილება არ ეხებოდა ბარების საქმიანობას, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა მათ შსს-ს თანამშრომლებმა დახურვის მითითება მაინც მისცეს.

“დაწყებულ საღამოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ 10 წუთში უნდა დაიცალოს ბარი, ხვალიდან კი არა, 10 წუთში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით 10 000 ლარითო. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. გვითხრეს 10 ადამიანზე მეტის შეკრება ღამის 12 საათის შემდეგ იკრძალება, როგორც ბარებში, ისე კლუბებში, შესაბამისად იკრძალება ჩვენთანაც.

ასევე ძალიან არასწორი არის, ბუნდოვანი დადგენილების გამოტანა, როდესაც კანონი რეალურად არ განსაზღვრავს რა არის კლუბი და რა არის ბარი. ჩვენთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც გვემუქრებოდნენ, ჰქონდათ ასეთი კომუნიკაცია, რადგან თქვენ მუშაობთ ღამით, ესე იგი ხართ კლუბი და არა ბარიო. არადა ჩვენ დღისითაც ვმუშაობთ და ღამითაც, სულ ვმუშაობთ", - ამბობს ბარ “დედაენას” დამფუძნებელი დათა ლაფაური.

შეგახსენებთ, გასულ უქმეებზე თბილისში არსებული რესტორნებისა და ბარების ნაწილი დაიხურა. როგორც ბიზნესები ამბობენ, მკაცრი მოთხოვნის საფუძველზე მათ ობიექტის დახურვა მოსთხოვეს.