მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს

5fa83a274880f
BM.GE
08.11.20 22:25
1547
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცესკოს მიმდებარედ აქციის დაშლის საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. უწყების განცხადებით, ისინი მომიტინგეების წინააღმდეგ პროპორციულ ძალას იყენებენ. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,"- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შსს-ს მიერ ცესკოს გარშემო მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ძალის გადამეტებად აფასებს. ნანუაშვილი წერს, რომ ამ ნაბიჯით შსს-მ საპოლიციო ძალების გამოყენების წესები დაარღვია. 

"წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან!

ეს არის უკვე ძალის გადამეტება. არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას,"- წერს უჩა ნანუაშვილი.