მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

608ab85076ae4
BM.GE
29.04.21 17:45
4209
შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს უჩივის. საჩივარი ივანიშვილისა და მისი კომუნიკაციების მრჩევლის წინააღმდეგ არის მომზადებული, რადანაც Credit Suisse-ის განცხადებით, ივანიშვილმა გაასაჯაროვა შვეიცარიული საბანკო რეგულატორის მიერ მომზადებული კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმიანობას უკავშირდებოდა.

სარჩელი ლონდონის სასამართლოში დარეგისტრირდა, Bloomberg-ის თანახმად, Credit Suisse-ი მოითხოვს, რომ ივანიშვილის საკომუნიკაციო გუნდმა პასუხი აგოს შვეიცარიული საბანკო რეგულატორის Finma-ს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ანგარიშის გამოქვეყნებისთვის. ეს დოკუმენტი ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა Metigen-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე CSVictims.com-ზე იყო გამოქვეყნებული.

Finma-ს ანგარიში 2017 წელს მომზადდა და ის Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციას და მასთან მიმართებით ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს შეეხებოდა.

ბიძინა ივანიშვილის საკომუნიკაციო კონსულტანტმა ჩარლი ვიგანმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ ანგარიშის შესახებ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თანაც მედიაში ამ ანგარიშიდან არაერთი ციტატა ისედაც გამოქვეყნებული იყო.

საქმე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ სქემას უკავშირდება. მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. პატრიკ ლესკადრონის დანაშაულები 2015 წელს გამოაშკარავდა.

2018 წელს ჟენევის სასამართლომ პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლებელია, ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.

ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, “რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ”, - 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ბერმუდის კუნძულებზეც არის ჩართული, სადაც საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე აღნიშნავს, რომ ბერმუდის კუნძულებზე გახსნილი “დაზღვევის” ანგარიშზე პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო $400 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, ამასთან მას წინასწარი პატიმრობის შედეგად პატიმრობის ნახევარზე მეტი მოხდილი ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.