29.მაისი .2020 15:00

სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა - პრემიერი

views 274
უკან

სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში გაჭირვებული ხალხის დახმარებას შეეხებოდა.

პრემიერის განმარტებით 2012 წლიდან ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, თუმცა ეს ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში გამოწვევად რჩება.

"სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ.

აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა 2-ჯერ, გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან 25.5%-მდე. მე არაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია პენსიონერებისთვის 20 ლარით გაიზარდა. 1 ივნისიდან, მიუხედავად კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციასთან დაკავშირებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონონომიკური ზრდის პროცენტის 80%.

ჩემთვის ძალიან რთულია ამ საკითხებზე ლაპარაკი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ. ყველა ამ რიცხვის უკან არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ცხოვრება, რომელიც ზოგ შემთხვევაში უდიდესი ტრაგიზმით არის განმსჭვალული, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო", - განაცადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა