მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილიკონის ველის ბანკი“ გაკოტრდა - რა მოხდა?

641046187eee5
გიორგი არონია
14.03.23 14:57
4541

ფინანსურ სამყაროში, ბოლო თვეებში, არაერთი მოულოდნელი კოლაფსი მოხდა, რაც, ამ დრომდე, უმეტესწილად, კრიპტოინდუსტრიას და მასზე დამდგარ “დათვის ბაზარს” უკავშირდებოდა. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეში, კოლაფსი კიდევ ერთმა ამერიკულმა ბანკმა განიცადა და ამით, ტექნოლოგიური სამყარო თავდაყირა დააყენა. ცხადია, საქმე ეხება “სილიკონის ველის ბანკს” (SVB), რომელიც გაკოტრების დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ბანკი იყო და სხვადასხვა რეიტინგებით, საუკეთესოდაც კი ითვლებოდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ბანკი, რომელიც გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის მთავარ საყრდენად, ინოვაციური ეკონომიკის მთავარ პარტნიორად და ინვესტორების რჩეულ ბანკად ითვლებოდა, სულ რაღაც 48 საათში გაკოტრდა. მარტივად რომ გითხრათ, “სილიკონის ველის ბანკის” სერვისებს 2500-ზე მეტი ვენჩურული კაპიტალისტი, ათასობით სტარტაპი და ძალიან ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის მენეჯერი იყენებდა.

რა მოუვიდა და როგორ გაკოტრდა ასეთი ბანკი, თანაც ასეთ მოკლე დროში?

ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია, ისევე როგორც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზების ჩამოთვლას არ სჭირდება ფინანსური სამყაროს სიღრმისეული ცოდნა. თუმცა, სანამ ფინანსებზე გადავალთ, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ, “სილიკონის ველის ბანკის” აგებულების შესახებ.

სტარტაპებზე და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე ორიენტირებული ნიშური ბანკის შექმნის იდეა ბილ ბიგერსტაფს და რობერტ მედეარისს, პირველად პოკერის თამაშის დროს გაუჩნდათ, ჯერ კიდევ 1983 წელს. ბიგერსტაფი და მედეარისი მიხვდნენ, რომ ტექნოლოგიური კომპანიების რიცხვი და მათი საბაზრო კაპიტალიზაცია მომავალში მხოლოდ გაიზრდებოდა, მაგრამ ამისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბანკების ჩართულობა, რომლებიც იმ დროს, ტექნოლოგიურ კომპანიებს მეტად რისკიან წამოწყებებად აღიქვამდნენ და სესხს მხოლოდ კოლოსალურად მაღალი პროცენტით აძლევდნენ. ასე, ნელ-ნელა, შეიქმნა ვენჩურული კაპიტალის ინდუსტრია, რომელმაც სტარტაპების დაფინანსებაში ბანკები სრულად ჩაანაცვლა. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “სილიკონის ველის ბანკის” არ იყო ტრადიციული გაგებით ბანკი, რადგან ფორმალურად, ის გაცილებით უფრო დიდ რისკს იღებდა.

“სილიკონის ველის ბანკის” ასავალ-დასავალში უკეთ რომ გაერკვეთ, ცხადია, მნიშვნელოვანია გავავლოთ პარალელები ქართულ ბანკებთან. როგორც Startup Grind-ის თბილისის ოფისის თანადირექტორი, კოლინ დონოჰიუ ამბობს, ქართული ბანკები იმ გარემოში, როცა ფულის შოვნა ტრადიციული ბანკინგითაც შეიძლებოდა, რაც რისკის მიმართ მათ კონსერვატიულ აპეტიტს განაპირობებს. ამასთანავე, ქართულ საბანკო სექტორში არ არის ისეთი კონკურენცია, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში.

“სილიკონის ველის ბანკი” ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ბანკად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ ორას მილიარდს გადააჭარბა. ამასთანავე, მას მშვენიერი რეპუტაცია ჰქონდა სტარტაპებთან მიმართებით, რადგან ბანკს ესმოდა სტარტაპები როგორ ფუნქციონირებენ და მათი მთავარი რისკი რა არის. “სილიკონის ველის ბანკი”, თავისი არსით, მეტად განსხვავდება ქართული ბანკებისგან, რომლებიც აღორძინდნენ იმ გარემოში, სადაც ფულის შოვნა ტრადიციული ბანკინგითაც შეიძლებოდა. მარტივად რომ ვთქვა, “სილიკონის ველის ბანკი” ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო, რომელიც სტარტაპებს ისეთ სერვისებს სთავაზობდა, რომლებშიც ტრადიციული ბანკები არც შევიდოდნენ“, - ამბობს კოლინ დონოჰიუ.

 ჩნდება შეკითხვა: თუ რამ გამოიწვია “სილიკონის ველის ბანკის” კოლაფსი:

პასუხი მარტივია - ბანკის მენეჯმენტის კატასტროფულმა კომუნიკაციამ და საბანკო პანიკამ, ე.წ. “ბენქ-რანმა“. მარტივად რომ ვთქვათ, ხალხი შეშინდა, რომ ბანკი კოტრდებოდა და აქტივების მასიურად გამოტანა დაიწყო. მარტო ათ საათში “სილიკონის ველის ბანკის” დეპოზიტარებმა ბანკიდან $42 მილიარდი გაიტანეს, რაც საათში $4.2 მილიარდს, წამში კი $1 მილიონს უდრის. ცხადია, ამ რაოდენობით ფული ბანკს უბრალოდ არ აქვს, რადგან ფული, რომელსაც დეპოზიტარები ბანკში ინახავენ, რეალურად სხვა აქტივებში არის ჩადებული. ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი ბანკი.

თუმცა, აუცილებელია კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და ორიოდ სიტყვა რეფინანსირების განაკვეთზე ვთქვათ. 2008 წლის შემდეგ, დასავლურ სამყაროში რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ დაბალი იყო, რამაც ვენჩურული კაპიტალის ოქროს ხანას დაუდო სათავე - ამ პერიოდს, ჯერომ პაუელის ნულოვანი რეფინანსირების პოლიტიკა ჰქვია. მოგვიანებით, ამ ყველაფერს პანდემია დაემატა, რომლის დროსაც, მსოფლიოს ეკონომიკებში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმოქცევაში კოლოსალური მოცულობის ახალი ფული გაჩნდა, რამაც რეკორდულად მაღალი ინფლაცია წარმოშვა.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბანკი, რომელიც თავიდან ბოლომდე სტარტაპების ბიზნესში არის ჩართული. ნულოვანი რეფინანსირების განაკვეთის პოლიტიკა თქვენზე როგორ აისახება? ცხადია, ეკონომიკაში და მათ შორის თქვენთან კოლოსალური მოცულობის ნაღდი ფული გაჩნდება, რომელიც რეალურად არავის უნდა, რადგან ფული კომპანიებს ისედაც აქვთ. ამრიგად, ბანკის მიერ გაცემული სესხები ფასსა და აქტუალობას კარგავს.

ამ ყველაფრის ფონზე, “სილიკონის ველის ბანკმა” გადაწყვიტა, რომ ჭარბი ლიკვიდურობა, ანუ ნაღდი ფული ერთი შეხედვით უწყინარ და მეტად დაბალრისკიან აქტივში, სახელმწიფო ხაზინის ფასიან ქაღალდებში დაებანდებინა, რაც ბანკს მცირე, მაგრამ მდგრად სარგებელს მოუტანდა. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, ინფლაციასთან გასამკლავებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნულოვანი რეფინანსირების განაკვეთის პოლიტიკა გაუქმდა და პარამეტრმა ზრდა დაიწყო. თანაც, ზრდა კოლოსალური იყო და როგორც ვიცით, უკანასკნელი ინფორმაციით, 5.75% პროცენტამდეც უნდა გაზრდილიყო. მაღალი რეფინანსირების განაკვეთის ფონზე კი, მარტივი ლოგიკით, სახელმწიფო ხაზინის ფასიანი ქაღალდების ღირებულება მცირდება.

მზარდი რეფინანსირების განაკვეთის ფონზე, ვენჩურულმა კაპიტალისტებმა, რომლებიც ამ დრომდე, მარტივად რომ ვთქვათ, ფულს მარცხნივ და მარჯვნივ ისროდნენ, მეტად კონსერვატიულები გახდნენ. ამასთან, სტარტაპებმა ბანკიდან დეპოზიტების გატანა დაიწყეს და “სილიკონის ველის ბანკი” ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე დადგა. ლიკვიდურობის გასაზრდელად ბანკმა $21 მილიარდის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა, რითაც $1.8 მილიარდით იზარალა, მაგრამ ამ ზარალის ასანაზღაურებლად $2.2 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვა დააანონსა. ამ ყველაფრის ფონზე, სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ბანკს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა. ეს ყველაფერი ინვესტორებმა რომ გაიგეს, ბანკიდან დეპოზიტების მასიური გატანა დაიწყეს და მარტივად რომ ვთქვათ, ბანკში ფული აღარ დარჩა, ხოლო საფონდო ბირჟაზე, აქციებით ვაჭრობა შეწყდა.

საბანკო პანიკაში განსაკუთრებული წვლილი ლეგენდარულმა ინვესტორმა, პიტერ ტილმა შეიტანა, რომელმაც საკუთარი ვენჩურული ფონდის, Founder Fund-ის წევრ კომპანიებს მოუწოდა, „სილიკონის ველის ბანკიდან“ დეპოზიტები გამოეტანათ. მაშინ, როცა პიტერ ტილის დონის ინვესტორის მხრიდან ამგვარი ინფორმაცია ვრცელდება, ცხადია, ბანკის მიმართ ნდობას სხვა ინვესტორები და დეპოზიტარებიც კარგავენ, რაც საბანკო პანიკას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ინოვაციური ეკონომიკის მთავარ პარტნიორად წოდებული ბანკის კოლაფსს, ცხადია, კოლოსალური გავლენა ექნებოდა არამხოლოდ სილიკონის ველის სტარტაპებზე, არამედ გლობალურ სტარტაპ-ეკოსისტემაზეც. კოლინ დონოჰიუს შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას პროცესში ჩართვისთვის სწორედ პოტენციურმა გავლენამ გადააწყვეტინა.

„ბანკის კოლაფსს წინ არ უძღოდა სტრუქტურული მიზეზები. კოლაფსი ცუდმა კომუნიკაციამ და საბანკო პანიკამ, ე.წ. “ბენქ-რანმა” გამოიწვია, რადგან ადამიანები პანიკაში ჩავარდნენ. არსებობდა რისკი იმისა, რომ სტარტაპებს ფული ვერ დაებრუნებინათ ან საკუთარი სახსრების მხოლოდ 80-90% დაებრუნებინათ. ბანკს, ცხადია, აქტივები მაინც ჰქონდა დარჩენილი, ასე რომ ისინი გარკვეულ თანხას მაინც მიიღებდნენ, მაგრამ თუ ამას დრო დასჭირდებოდა, კომპანიები უბრალოდ ჩამოიშლებოდნენ. სტარტაპები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან და ყველაფერს ხარჯავენ, რაც აქვთ და თუ ერთი თვე ხელფასს ვერ გადაიხდიან ან გარკვეულ აქტივობებს ვერ გააკეთებენ, კომპანია ღირებულებას დაკარგავს და შეიძლება ჩამოიშალოს კიდეც. ამგვარად, შედეგები კოლოსალური იქნებოდა, მაგრამ საქმეში ამერიკის მთავრობა ჩაერთო, რომელმაც თქვა რომ არ დაუშვებდა, კომპანიებს საკუთარი თანამშრომლებისთვის ხელფასი რომ არ გადაეხადა. მთავრობამ თქვა რომ დეპოზიტარებს ფულს დაუბრუნებდა, მაგრამ საიდან მოდის ეს ფული? ბანკის მფლობელებისა და ინვესტორებისგან. გამოდის, რომ ამერიკის მთავრობამ დეპოზიტარები გადაარჩინა და არა ინვესტორები და ბანკის მფლობელები“, - ამბობს კოლინ დონოჰიუ.

რას ნიშნავს “სილიკონის ველის ბანკის” კოლაფსი გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემისთვის და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ სტარტაპების „ბუშტი“ გასკდა?

როგორც კოლინ დონოჰიუ ამბობს, შესაძლოა, “სილიკონის ველის ბანკის” ამბავი ბუშტის გასკდომის გვერდითი მოვლენა იყოს. „კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუშტი გასკდა და ის, რასაც ახლა ვხედავთ ფასების კოლაფსით გამოწვეული გვერდითი მოვლენებია. მათ დიდი მოცულობით ნაღდი ფული ჰქონდათ, მაგრამ კომპანიების ღირებულება სწრაფად შემცირდა. ბუშტი გასკდა და სტარტაპების ღირებულება შემცირდა, რაც ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც დიდი ხანია, რაც ველოდებით. ყველა, ვინც ამ სფეროში ვართ, ვფიქრობთ, რომ ბოლო ორი წელი ძალიან არაორდინალური იყო და მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. “სილიკონის ველის ბანკი” კი ამ ყველაფერში მოყვა. სტარტაპები, რომლებიც ამ ეტაპს გაუძლებენ და კომპანიებს დაღმავლობის დროს ააშენებენ, აღმავლობის დროს მეტად იხეირებენ“, - ამბობს კოლინ დონოჰიუ.

ამ ეტაპზე, ბანკის მიერ რისკის არასწორი მენეჯმენტით გამოწვეული პრობლემები ამერიკის მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო. მსგავსი, მაგრამ შინაარსობრივად განსხვავებული შემთხვევა დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოშიც, სადაც “სილიკონის ველის ბანკის” აქტივები ევროპის უმსხვილესმა ბანკმა, HSBC-მ შეისყიდა, რაშიც სიმბოლური ერთი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ამგვარად, სტარტაპერები და დამფუძნებლები საკუთარ ფულს აუცილებლად დაიბრუნებენ. რჩება მთავარი შეკითხვა - როდის. თუმცა, ამ შეკითხვას, პასუხი უახლოეს დროს გაეცემა.