მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლად ოჯახის ექიმებთან მუშაობის მიუხედავად, აცრის პირველ ჯავშნებზე მატება არ გვაქვს - გაბუნია

616972bc63303
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.21 16:30
576
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ უწყებამ ვაქცინაციის გასააქტიურებლად სოფლად ოჯახის ექიმებთან აქტიური მუშაობა დაიწყო, აცრების პირველად ჯავშნებზე მიმართვიანობა არ გაზრდილა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სოფლად ოჯახის ექიმებთან მუშაობა გააქტიურდა, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრი დიდ სოფლებში, ადგილზე, კარდაკარ მოსახლეობის ინფორმირებას ახდენს, ხოლო ორშაბათიდან მობილური ბრიგადების სოფლებში ჩავლენ და ადგილზე მოხდება ვაქცინაცია. იმედი გვაქვს, გარკვეული მატება გვექნება, თუმცა  ბოლო პერიოდის მაჩვენებლების მიხედვით აცრების მატება ნამდვილად არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები იკვეთება. ვიცით, რომ დელტა შტამი უფრო მეტად დამაზარალებელია. კანადამ გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ დელტა შტამით ინფექციები 2-ჯერ უფრო მაღალია; ასევე თითქმის სამჯერ უფრო მაღალია ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრის რისკი, ორჯერ იზრდება გარდაცვალების რისკი. ეს ყველაფერი დაავადების მართვის კუთხით ძალიან დიდი რისკების წინაშე გვაყენებს და ამისგან ერთადერთი დაცვა აცრაა, თუმცა სამწუხაროდ, იმის ნიშნები, რომ პირველი აქტიური ნაკადის შემდეგ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, არ არის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი განმარტებით, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მოსახლეობასთან მეტი ინდივიდუალური კომუნიკაციაა.

„როგორც თითოეული ბავშვის იმუნიზაციაზე მუშაობს ოჯახის ექიმი და ექთანი რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა დაარწმუნოს მშობელი აცრის აუცილებლობაში, კალენდარი დაგეგმონ და ბავშვი აცრან, ასევე უნდა იყოს კოვიდის აცრის შემთხვევაში. ვფიქრობთ, კარდაკარ კომუნიკაციის პროცესი გარკვეულ შედეგს გამოიღებს, რადგან სოფლის მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ. სოფლად მოსახლეობას მეტი შეკითხვები აქვს და ოჯახის ექიმების გააქტიურება ამ ჯგუფის მოცვის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.