დღეს, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშში არსებული მიგნებების ნაწილს იზიარებს და სფეროში არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეს არსებული საგამოცდო მექანიზმით ვერ ხდება სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევების შემოწმება.
"ძირითადი გამოწვევა რაც ჩვენ სისტემაშია, არის ის, რომ სასერტიფიკაციო გამოცდა მიმართულია მხოლოდ ცოდნის შეფასებაზე და უნარ-ჩვევების შეფასების მექანიზმი იქ ჩადებული არ არის. ეს განსხვავებულია დასავლეთის კარგი გამოცდილებისგან. ამას სჭირდება დამატებითი რესურსი. არსებობს ასეთი მექანიზმი, ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, როდესაც გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოცდა ხდება. ჩვენთან, დღეს ასეთი არ არსებობს, შესაბამისი მექანიზმი შესამუშავებელია.
ასევე, ვიზიარებ ხარისხობრივ ნაწილთან დაკავშირებულ შენიშვნებს. აქაც, განმარტების სახით მინდა ვთქვა, თვითონ სამინისტროს შიდა რესურსი, რომ დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზა უზრუნველყოს ექსპერტების მიერ წარმოდგენილი ანალიზით არ გვაქვს. ამიტომ, დამოკიდებული ვართ იმ პროფესიულ პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს ამ მასალას.ამ საკითხს როგორ გადავჭრით, კონსულტაციებია საჭირო.
რეგულირების სააგენტოს მხრიდანაც მონიტორინგი მეტ რესურსს მოითხოვს და ამ კუთხითაც მუშაობა მიმდინარეობს, რომ რესურსი გაიზარდოს, რადგან მონიტორინგი ჯეროვანი იყოს და არა შერჩევითი, როგორც აქამდე ხდება", - განაცხადა გაბუნიამ.
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის. ამის მიუხედავად, არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს:
• უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის;
• ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უსგ-ის პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში. 2021 წლის მდგომარეობით, 2018-2021 წლებში 17,632 ექიმიდან უსგ-ში მონაწილეობა მიიღო 43%-მა;
• პერინატალური და ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის ქულების შეფასება არ ხდება ყოველწლიურად. შესაბამისად, დაბალია უსგ-ის პროგრამაში მათი ჩართულობა, კერძოდ: 2018-2021 წლებში, დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 37% არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამაში, ხოლო ნეონატოლოგებიდან, საშუალოდ, 23%. 2020-2021 წლებში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და რადიოლოგების საშუალოდ, 69%-ს არ ჰქონდა მოპოვებული უსგ-ის წლიური კრედიტქულა;
• დაბალია 2021 წელს სტაციონარულ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის პროგრამებში ჩართულობა და ყოველწლიურად განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვების მაჩვენებელი. აღნიშნულ სპეციალისტთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 1,601-ს, მათგან, უსგ-ის წლიური კრედიტქულა კი დააგროვა მხოლოდ 415-მა (26%). 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამებში. ამასთანავე, რეგულირების სააგენტოს მიერ 2020-2021 წლებში 269 დაწესებულებიდან შესწავლილია მხოლოდ 20 დაწესებულება. შედეგად, დანერგილი მექანიზმები არ არის საკმარისი სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე ექიმების მიერ მოპოვებული უსგ-ის კრედიტქულების შესაფასებლად;
• უსგ-ის პროგრამების ჩატარების ადგილი ექიმებისათვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. უსგ-ის პროგრამების დამსწრე 4,606 პირთაგან, 1,590-ის (35%) ფაქტობრივი სამუშაო ადგილი არ იყო თბილისი;
• 2018-2021 წლებში უსგ-ის პროგრამებში მსმენელის სტატუსის მქონე 11,192 ექიმიდან 512-მა სპეციალისტმა ერთი და იგივე სავალდებულო უსგ-ის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაიარა 2-ჯერ და აღიარებულ იქნა შესაბამისი კრედიტქულა;
• 2018-2021 წლების მიხედვით, ჯამში განხორციელებული 757 უსგ-ის პროგრამიდან, 2020-2021 წლებში მონიტორინგი ჩატარდა 108 (15%) პროგრამაზე, ხოლო სავალდებულო 628 უსგ-ის პროგრამიდან − 90 (14%)-ზე.