მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციფიკური დარგების შემცირებული ჩამონათვალი - სახელმწიფო ბიზნესთან კონსულტაციებს მართავს

63ea49d408b3d
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.23 19:00
703
დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაოების ნუსხის შემცირების საკითხთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მათ აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ ცვლილებების მიზანი აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და კანონით გათვალისწინებული სიკეთეების მათზე გავრცელებაა. ცვლილება ერთი მხრივ გააუმჯობესებს შრომის პირობებს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი პირველ რიგში იმ გამოწვევებზე მსჯელობა იყო, რომელიც დამსაქმებლებს ახალ რეალობაზე გადასვლისას შეიძლება პოტენციურად ჰქონდეთ და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, როგორც შრომის სამინისტროსა და შრომის ინსპექციამ მათ ამ პროცესში კონსულტაციის სახით აღმოვუჩინოთ. ასევე ვიმსჯელეთ შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტზე, რომელიც დამსაქმებლებმა ერთ-ერთ პრობლემად დაასახელა. მოვიწვიეთ დასაქმების სააგენტო, რომელმაც აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ფარგლებში არსებული მხარდაჭერითი პროგრამები გააცნო, რომელიც დამსაქმებელს დაეხმარება სამუშაო ძალის მოზიდვაში“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

„შრომის ინსპექციისთვის კარგად არის ცნობილი ის გამოწვევები, რომელიც ბიზნესის მხრიდან ისმის, მაგრამ როდესაც გარკვეულ გადაწყვეტილებაზე ვმსჯელობთ მხედველობაში უნდა მივიღოთ დასაქმებულთა ინტერესების, ამიტომ ბალანსი მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან და ბალანსი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის საერთაშორისო სტანდარტით 40 საათით არის ნორმირებული. ამიტომ შრომის ინსპექცია ეტაპობრივად მზად არის ბიზნესთან კონსულტაციებისთვის და სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის, თუმცა ამავდროულად დაცული უნდა იყოს დასაქმებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, 48-საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები დაექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო სიკეთეს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული, ევროპული პრაქტიკაა.

40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ამ დრომდე არსებული ნუსხა 48-საათიან სამუშაო გრაფიკს ითვალისწინებდა ისეთი დარგებისთვის, რომელთათვისაც წარმოების უწყვეტობა არ არის აუცილებელი პირობა მაგ: ტყავის წარმოება, მომსახურების სექტორი, ტრანსპორტი, ტექსტილის წარმოება და ა.შ. აღნიშნულ დარგებში დასაქმებულის 40 საათზე მეტი სამუშაო დრო ზეგანაკვეთურად არ ითვლებოდა, რის გამოც შესაბამისი ანაზღაურება არ გაიცემოდა.

სპეციფიკური სამუშაოების ნუსხის ცვლილებების შესახებ კონსულტაციები სამმხრივ ფორმატში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართულები იყვნენ როგორც ბიზნესის და დამსაქმებელთა წარმომადგენლები, ასევე პროფესიული კავშირის წევრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები