მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუს-მა თბილისის მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დააკავა

5e412d71be10f
ინგა მურუსიძე
10.02.20 14:21
1342
სუს-მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე თბილისის მერიის ააიპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტზე შპს „ტექრეისერს“-ის ფაქტობრივი მფლობელი დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამი პირი.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34,550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერს“-ისგან შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერს”-ის დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.

„ასევე, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში" სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.