მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ კანონპროექტის "გახმობამდე" ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა

5f11b32a38416
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.20 18:17
1140
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტზე კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონსენსუსი შედგა, არ დაამტკიცებენ.

BMG ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც განაცხადა, რომ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მას ეკატერინე ტიკარაძესთან ჰქონდა საუბარი. გაბუნიას თქმით, იმის გამო, რომ კანონპროექტის ავტორი სამინისტრო და მთავრობა არიან, გადაწყდა, რომ პოზიციების ხელახალი შეჯერებისთვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო.

ამ დროისთვის უცნობია რა ბედი ელის კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომელზეც დღეს თანხმობა შედგა. ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კლინიკების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიციის შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საკითხი დათმო, მათ შორის სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით შეიცვალა ჩანაწერი და კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი პლენარულ სხდომაზეც უყარეს და დაამტკიცეს. დღესვე, პლენარულ სხდომაზე შესვენების დროს დიმიტრი ხუნდაძის კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და მიღებაც მოასწრო.

ინტერვიუ თამარ გაბუნიასთან:

- რატომ მოხდა საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა?

- გადავიტანეთ, იმიტომ რომ რედაქციული ცვლილებები ცოტა კომპლექსური იყო და გავივლით კიდევ ერთხელ და დავაყენებთ თავიდან, რათა რაღაც გაუგებრობა არ მოხდეს. დაჩქარებული წესით განიხილებოდა ეს კანონპროექტი და ჩვენ კიდევ ერთი კანონ-პროექტი გვაქვს. უნდა შევჯერდეთ ფორმულირებებზე, რადგან ცოტა კომპლექსური ფორმულირებები გამოდის. ძალიან ინტენსიური სქემით გამოვიდა, შესაბამისად, გვჭირდება მეტი დრო.

- მინისტრთან ხომ არ იყო აცდენა აზრების თანხვედრაში?

- არა, უბრალოდ ვერ მოესწრო ჩამოყალიბება, რომ დახვეწილი სახით იყოს. კი გვქონდა შუალედური ვერსიები, რადგან არის რაღაც ვერსიები დასაზუსტებელი, ამიტომ, რომ არ ვიჩქაროთ და თავიდან არ გახდეს გადასაწერი, ვითხოვთ, რომ ცოტა დრო გვქონდეს.

 - ყველაზე საკვანძო ცვლილება რა იყო?

- ამ კანონმდებლობაში ყველაზე საკვანძო საკითხი არის კლინიკებისთვის ლიცენზირების შეჩერების მექანიზმის შემოტანა, რაზეც არც შენიშვნა ყოფილა და იმ რედაქციით დარჩა. ერთადერთი დაზუსტდა ვადა, 20 დღიდან 5 დღეზე ჩამოვედით აღდგენის მექანიზმის ხანგრძლივობაში. რაც შეეხება კლინიკების შემოწმებას სასამართლოს ნებართვის გარეშე, ეს საკითხი კანონპროექტის პირველი რედაქციიდანვე იქნა ამოღებული. ლიცენზიის შეჩერების ნაწილში ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე ეწერა, აქ არ იცვლება სასამართლოს უფლება-მოსილება.

- მაშინ რატომ მოხდა კენჭისყრის გადადება?

- არის გარკვეული ცვლილებების საჭიროება, ჩანაწერები უნდა დაზუსტდეს, შეიძლება გარდამავალი პერიოდის ვადაზეც დაგვჭირდეს დაზუსტება, რაზეც დღეს კარგად ვეღარ მოესწრო საუბარი, ამიტომ სიჩქარეში რომ რაღაც არ დაიკარგოს, გვირჩევნია, ცოტა მეტი დრო გვქონდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოესწროს, იმიტომ რომ წამლის შესახებ კანონში ცვლილებებიც მესამე მოსმენით უნდა გავიტანოთ სხდომაზე.

- კიდევ ერთხელ გკითხავთ, მინისტრთან თუ გქონდათ კომუნიკაცია ჯანდაცვის კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ვიდრე პლენარული სხდომა დაიწყებოდა და თუ იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა?

- მინისტრთან სატელფონო ზარი მქონდა, ვისაუბრეთ ამ ცვლილებებზე და აზრთა ვერთანხვედრას ვერ ვიტყვი, მაგრამ გვირჩევნია, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ცვლილებები, რადგან მთავრობა არის ინიციატორი და შევათანხმოთ ეს საკითხები, რათა გამართული სახით ჩამოყალიბდეს კანონპროექტი.

ამასთან, bm.ge-ის კითხვაზე - ხომ არ გადაიწევს "ჯანდაცვის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცება საშემოდგომო სესიისთვის, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნული არ იგეგმება და კანონს შემდეგ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები