18.სექტემბერი .2020 10:39

TBC Capital დეკემბრისთვის დოლარის ღირებულებას 3.15 ლარის ფარგლებში პროგნოზირებს

views 396
უკან

TBC Capital-ის მაკრო-სექტორული ანგარიშის თანახმად, რომელიც ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებს მიმოიხილავს, 2020 წლის დეკემბრისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.15-ის ფარგლებში არის პროგნოზირებული. 

"მოსალოდნელია, რომ სავალუტო ინტერვენციებით ეროვნული ბანკი გააგრძელებს მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაბალანსებას; ამასთან, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნების პრიორიტეტულობის პირობებში მოსალოდნელია, რომ ლარის ეფექტური და დოლარი/ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩება,"- ნათქვამია დოკუმენტში

არსებული ოფიციალური კურსით, ამჟამად ერთი დოლარი 3.1886 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი წლის ბოლომდე სავარაუდოდ $200 მილიონზე მეტი მოცულობის ინტერვენციას განახორციელებს.

ქვეყნის ძირითადი მაკრო პარამეტრები TBC Capital-ის მიხედვით ასეთი იქნება:

"2020 წელს მშპ-ის ვარდნა 5.0/5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა ვირუსის მატების პირობებში, დამატებითი ფისკალური სტიმულის გარეშე, 2020 წლის ზრდა პროგნოზის ქვედა ზღვრისკენ იქნება გადახრილი. 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნება; ტურიზმის აღდგენამდე, ფისკალური ხარჯები ზრდის მთავარ ხელშემწყობად რჩება;

წლის ბოლოსათვის ინფლაცია 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. მიუხედავად ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრი შემცირება არ არის მოსალოდნელი რადგან გაცვლითი კურსი კვლავ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ფასების ზრდასთან მიმართებაში

დასაქმების ბაზარი მოსალოდნელზე მეტეტად მდგრადია. დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლის მეორე კვარტალში წ/წ 2%-ით შემცირდა. ხელფასის მიმღებთა პროცენტულად მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურების და HORECA სექტორში შეინიშნება

მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნეს სექტორზე

განთავსების სექტორში აგვისტოში გაუმჯობესება მეტწილად რეგიონებში გაგრძელდა; უკეთესი დინამიკა საშუალო და დიდ სასტუმროებში დაფიქსირდა. 2020 წელს დოლარში RevPAR-ის დაახლოებით 75%-ით კლებაა მოსალოდნელი
საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში აგვისტოში გაყიდვების წ/წ ცვლილებამ -17.4% შეადგინა, რაც ივლისთან შედარებით 1პპ-ით გაუმჯობესებაა. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს (-4.1% წ/წ), ახალი ბინების ფასი კი ზრდადია (+1.0% წ/წ) რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება. ჯამურად, 8 თვის მანძილზე ბაზარზე გაყიდვები წ/წ 35%-ით არის შემცირებული. წლის მანძილზე ახალ ბინებში გაყიდვების დაახ. 15%-ით, ხოლო ფასის (დოლარი) დაახ. 5%-ით შემცირებაა მოსალოდნელი;

კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის მანძილზე, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი;

მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა (-34% წ/წ). ინფრასტრუქტურის მშენებლობამ მეტი მდგრადობა შეინარჩუნა (2020წ. 6 თვეში +1%). წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი;
 
FMCG სექტორმა 2020 წელს. მოსალოდნელია 2019 წლის დონე შეინარჩუნოს, ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე,"- ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა