მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან ჩრდილოეთით მიმავალ გზაზე 4-ზოლიანი ავტობანი აშენდება - პროექტირებაზე 12-მლნ დაიხარჯება

64b3a4c262223
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.23 12:02
9226
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 12-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც თბილისი-ნატახტარის გზის მოდერნიზაცია იგეგმება.

გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ამჟამად არსებული ორზოლიანი გზა ვერ პასუხობს საერთაშორისო და ადგილობრივ მოთხოვნას, რის გამოც საჭიროა მომზადდეს ამ მონაკვეთის სრული რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური და საინჟინრო კვლევები. ამასთან, განაცხადის მიხედვით იგეგმება წიწამური-ჟინვალის 4-ზოლიანი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაც.

სატენდერო აღწერაში ნათქვამია, რომ ამ მაგისტრალზე ნაკადების მატება მთავრობის “წარმატებული შიდა და საგარეო პოლიტიკის შედეგია” და რომ აქ ავტობანის მშენებლობა აუცილებელია. ამავე განაცხადის თანახმად, ამ გზას ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე დღე-ღამეში 40,000 ავტომობილის გატარება შეუძლია, მაშინ როდესაც მას ფაქტობრივად უკვე 72 ათას მანქანას ატარებს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთი წარმოადგენს თბილისი-ნატახტარის მონაკვეთს, სადაც ასევე იწყება საერთაშორისო მნიშნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზა, რომელზეც სადღეღამისო წლიური ინტენსიობა საკმაოდ მაღალი და ყოველწლიურად მზარდია, რისთვისაც საავტომობილო გზების დეპარტაენტის მიერ მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია წიწამური-ჟინვალის მონაკვეთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის. ამასთან, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთში მდებარეობს ქ. მცხეთა (კმ 20), რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიობა და ყოველწლიურად მზარდია, როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ტურისტების გადაადგილების რიცხვი, დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს ჩატარებული წლიური სადღეღამისო ინტენსიობის გაზომვების (რომელიც ტარდება გზის 18-ე და 28-ე კმ-ბზე), შედეგად საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საშუალო წლიური სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიობამ შეადგინა 47 688 და 29 414 ავტომანქანა დღე-ღამეში, ხოლო ტურისტული სეზონის პერიოდში (ივლისის თვე) სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიობამ შეადგინა 65 902 და 23 094, რაც ერთეულ მსუბუქ ავტომანქანაზე დაყვანილი ინტენსიობით გულისხმობს 52 488 და 32 546 ავტომანქანას, ხოლო ივლისის თვეში კი 72 154 და 25 847 ერთ მსუბუქ ავტომანქანას დღეღამეში. საავტომობილო გზის თბილისი-ნატახრის მონაკვეთს, თავისი პარამეტრების გათვალისწინებით შეუძლია გაატაროს 40 000 ავტომანქანა დღე-ღამეში დაყვანილი ინტენსიობის შესაბამისად,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

საქართველოს მთავრობა ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ტექნიკური გამტარიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ივნისში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 246 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც სტეფანწმინდადან ლარსის მიმართულებით ახალი მაგისტრალის გაყვანას ითვალისწინებს. უკვე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც გვერდს უვლის გუდაურს და მგზავრობის მანძილს დაახლოებით 45 წუთით ამცირებს, ასევე აუმჯობესებს საატვომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას. გზის მშენებლობა 1.2 მილიარდ ლარამდე ჯდება, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის 6.4 კილომეტრიც უკვე გაჭრილია.