მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში საქართველომ $41.8 მლნ-ის რუსული ხორბალი შეიძინა | 1 ტონის საშუალო ფასი შემცირდა

ხორბალი

6 თვეში საქართველოში ხორბლის და მესლინის იმპორტი შემცირდა. ქვეყანამ 45 მილიონ 286 ათასი დოლარის ღირებულების 174 880 ტონა ხორბალი შეიძინა, რაც წლიურად 5.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის კლება წელს ყაზახური ხორბლის გადმოზიდვების შემცირებით არის განპირობებული. გასული წლის ამ პერიოდში საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი აქტიურად ხორციელდებოდა. წელს კი ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან შესყიდვები მხოლოდ იანვარში, თებერვალსა და მარტში გვქონდა, აპრილიდან კი შეწყდა. ჯამში წელს 1 მილიონ 845 ათასი დოლარის ღირებულების 7 838 ტონა ყაზახური ხორბალია შემოსული. კლება 88.2%-ია.

ტრადიციულად რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. წლის პირველ ნახევარში რუსული ხორბლის იმპორტი 29.7%-ით არის გაზრდილი. ჯამში ქვეყანაში წელს 41 მილიონ 842 ათასი დოლარის ღირებულების 160 614 ტონა ხორბალი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუ გასული წლის ამ პერიოდში 1 ტონა იმპორტირებული ხორბლის საშუალო ღირებულება 260 დოლარი იყო, წელს ფასი მცირედით 259 დოლარამდეა შემცირებული, რაც სრულად რუსული ხორბლის გაიაფებით არის განპირობებული.

ამ პერიოდში, 1 ტონა რუსული მარცვლეულის საშუალო ღირებულება 260.5 დოლარამდეა შემცირებული. გასული წლის ამავე პერიოდში 1 ტონა რუსული ხორბლის საშუალო ფასი 273 დოლარი იყო.

იანვარ-ივნისში ხორბლის იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც განხორციელდა, თუმცა მცირე მოცულობით. ამ მიმართულებიდან ჯამში 1 მილიონ 577 ათასი დოლარის ღირებულების 6 399 ტონა ხორბალი შემოვიდა. საშუალო ფასი 246 დოლარი იყო.

მცირე, უმნიშვნელო მოცულობით ხორბალი ბელარუსიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან შევიძინეთ.

ცნობისთვის, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად სახმელეთო გზით ხორციელდება, მთავარი მომწოდებელი ქვეყანა კი რუსეთია, სადაც დღეს ხორბლის ჭარბი მოსავლისა და საზღვაო გზების ბლოკირების გამო, მარცვლეულის ფასი შემცირებულია, ეს კი საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასზე პირდაპირ აისახება. ამის საპირწონედ, მსოფლიოში რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის მიწოდება საზღვაო გზების ბლოკირების გამო შეფერხებულია, რაც გლობალურად ხორბლის ღირებულებას ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები