მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა 48.8 მილიონ ლარად იყიდება

6406f892c1907
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.23 12:50
2381
აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისში გურამიშვილის გამზირზე მდებარე სააქციო საზოგადოება “ელმავალმშენებლის” უძრავ და მოძრავ აქტივებს 48.8 მილიონ ლარად ყიდის - ამის შესახებ eauction.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. აუქციონზე მთლიანობაში 21 ჰექტარის უძრავი ქონება და აქტივები არის გამოტანილი. აუქციონი 9 მარტს სრულდება. 

ქარხნის ძირითად მესაკუთრეს რუსული კომპანია “ლოკოტრანსი” წარმოადენს, რომელიც მალტის ოფშორში არის რეგისტრირებული. კომპანიის 87%-ს "ლოკოტრანსი", 12.8%-ს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს კომპანიის წარმომადგენლებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნაზე უარი უთხრა, რასაც მალევე აქტივებზე ყადაღის მოხსნა და შენობა-ნაგებობების ელექტრონულ აუქციონზე გატანა მოჰყვა. 

ელმავალმშენებელი ქარხანა ბოლო რამდენიმე წელია არ იყო მუშა მდგომარეობაში, ბოლო ფინანსური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია, 2019 წლით თარიღდება, მაშინ კომპანიას 2.5 მილიონი ლარის შემოსავალი და 27 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.

“განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოვალეს სს „ელმავალმშენებელს“ ჰყავს როგორც უზრუნველყოფილი, ისე არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, რომელთა მოთხოვნები მოვალის მიმართ შეადგენს 20 371 962 ლარს (გასაჩივრებული საგადასახადო აქტების გარეშე). ასევე მიუთითებს, რომ უზრუნველყოფილი კრედიტორია სს „საქართველოს ბანკი“, რომლის კრედიტიდან წარმოშობილი მოთხოვნა აღემატება 15 000 000 ლარს, მოვალის არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა მოთხოვნები 20 000 000 ლარამდეა, თუმცა განმცხადებელს არ აქვს წარმოდგენილი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, განცხადებას არ ერთვის ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ (საქმეში წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო ცნობა იმის თაობაზე, რომ ადგილი არ აქვს ზემოთქმულ გარემოებას),”- ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.

eauction-ის სისტემის მიხედვით, გაიყიდება ქარხნის როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონება:

“სარეალიზაციოდ წარმოდგენილია საწარმოო დანიშნულების უძრავ- მოძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის ქუჩა N84. საწარმო განთავსებულია ხუთ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც განთავსებულია მოძრავი ქონება:
1) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.211, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1990.00 კვ.მ;
2) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.233, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 2286.00 კვ.მ;
3) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.213 საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1919.00 კვ.მ;
4) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.205 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ ერთსართულიან შენობა-ნაგეობას, სადაც განთავსებულია ავტოსადგომები და ადმინისტრაციული ნაგებობა. შენობის შიგნით შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის მონაცემით მიწის მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი: 460.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1;
5) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.195 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 211147,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 50 დარეგისტრირებული შენობა ნაგებობა,”- ნათქვამია ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე.