მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 90 მილიონის გარე განათებას ყიდულობს

617fbb943243f
შოთა ტყეშელაშვილი
01.11.21 14:35
3869
თბილისის მერია გარე განათებების სისტემის გამოცვლაზე 89.7 მილიონ ლარს დახარჯავს. LED ნათურების შესასყიდად მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფმა" 3 ტენდერი გამოაცხადა.  29.8 მლნ ლარის, 29.1 მლნ ლარის და 30.7 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებით, ჯამში, ასი ათასი LED განათების შეძენა არის დაგეგმილი.

ტენდერებში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა და ამჟამად მასში მხოლოდ ერთი მონაწილის - შპს "ვეზირის" წინადადება ჩანს, რომელიც მერიას სანათების მიწოდებას 89.2 მილიონ ლარად სთავაზობს.

სატენდერო პირობების თანახმად, თბილისის მერიამ "თბილსერვის ჯგუფს" შესყიდული LED სანათების ფასი 10 წლის განმავლობაში "ეტაპობრივი გადახდით" უნდა აუნაზღაუროს. თავის მხრივ, “თბილსერვის ჯგუფიც” ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ანაზღაურებას 10 წლის ანუ 120 თვის მანძილზე გადაუნაწილებს.

"შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება მოხდება კვარტალურად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 120 თვის განმავლობაში, ყოველი კალენდარული კვარტლის ბოლოს. პირველი ოთხი კვარტლის განმავლობაში ანგარიშსწორება განხორციელდება მოწოდებული სანათებით მიმდინარე კვარტლის ბოლომდე მიღებული ეკონომიის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდება პროპორციულად, დარჩენილი პერიოდის განმავლობაში (ყოველი კვარტლის ბოლოს). შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება დაიწყება მხოლოდ საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ). გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ლარში ან უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო)," - ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები