მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თქვენი ბიზნესის კეთებით გარემო არ უნდა დააბინძუროთ” - კალაძე სუპერმარკეტებს მიმართავს

კალაძე ნარჩენებზე

“მინდა მივმართო დიდ სუპერმარკეტებს, რომლებიც არ გვეთანამშრომლებიან, და თავიანთ ნარჩენებს მიზანმიმართულად საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში ათავსებენ…” - თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ სხდომაზე ქუჩების დანაგვიანების პრობლემაზე ისაუბრა და კერძო ბიზნესებს “თბილსერვის ჯგუფთან” ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა.

“ხდება ურნების გადავსება, დაზიანება, იმიტომ რომ აღნიშნული ურნები განკუთვნილია მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის და თქვენ, დიდ მარკეტებს, გაქვთ იმის შესაძლებლობა, შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოთ “თბილსერვის ჯგუფთან” და მოგემსახურებიან ისე, რომ პრობლემა არ შეგიქმნან. 

თქვენი ბიზნესის კეთებით გარემო არ უნდა დააბინძუროთ და მოქალაქეებს პრობლემა არ უნდა შეუქმნათ. დღეს მიზანმიმართულად არ ვასახელებ იმ კონკრეტულ სუპერმარკეტებს, ვინც ქალაქში აღნიშნულ პრობლემას ქმნის, გეძლევათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ “თბილსერვისთან” გააფორმოთ ხელშეკრულებები”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერსაც მიმართა და გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

“დღეს “თბილსერვისს ჯგუფს” არ აქვს დაჯარიმების უფლება. ვავალებ ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს - დაიწყეთ მუშაობა ამაზე. თუ ეს დროში გაიწელება გაამკაცრეთ და გაზარდეთ ჯარიმები და იმოქმედეთ შესაბამისად, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ბიზნესის გამო დისკომფორტი არ შეექმნათ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაზეც ისაუბრა და კერძო ბიზნესებს შეახსენა, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში საწარმოო და დიდგაბარიტიანი ნარჩენის მოთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

„რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გადავსებული ურნების ამსახველი ვიდეომასალა. ეს არის „პიქსელის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტია განთავსებული. სწორედ ამ მარკეტიდან გამოტანილი ნაგავი იყო ურნებში ჩატენილი. ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო ვიდეო და გამოხატა უკმაყოფილება. ამ ადამიანის აბსოლუტურად მესმის და ზოგადად ვიზიარებ მათ პოზიციას, ვისაც ჩვენს ქალაქზე გული შესტკივა.

ნაგავშემკრებ კონტეინერებში აკრძალული ნარჩენის მოთავსება და ამის შედეგად ურნების, ასევე, სპეცმანქანების დაზიანება დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან კომერციული ობიექტების წარმომადგენლები და ასევე, მოქალაქეები კონტეინერებში და მის მიმდებარედ ათავსებენ: დაუშლელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთებსა და სხვა შეფუთვის ნარჩენს, სამშენებლო ნარჩენს, ავტომობილის მეორად ნაწილებსა და ზეთებს, საწარმოო ნარჩენს, ჩამოწერილ პროდუქტებს, ასევე, დიდგაბარიტიან ნარჩენს, როგორიცაა ძველი ავეჯი და ა.შ. ამ ყველაფრის მოთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში (ასევე, მიმდებარედ) აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა წარმოადგინა ფოტომასალა და აღნიშნა, რომ ვაკეში, სადაც მიწისქვეშა ურნებია განთავსებული, საკეტების მიზანმიმართულად დაზიანების ფაქტებიც ფიქსირდება. 

„საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი „ნარჩენების მართვის წესი“ და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმადაც, „მომხმარებლები ვალდებულნი არიან ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი გადავსება, ხოლო გადავსების შემთხვევაში, ნარჩენები განათავსონ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტეინერებში. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ალმოდებული ნარჩენების, სითხეების და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები