მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია და მისი უწყებები Facebook-ში რეკლამირებისთვის 170 ათას ლარს დახარჯავენ

5e18253854b8a
სალომე მეცხვარიშვილი
10.01.20 11:15
1419
თბილისის მერია და მისი დაქვემდებარებული უწყებები სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის 170 ათას ლარს დახარჯავენ. შესაბამის შესყიდვას უტენდეროდ ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” მერიის სახელით ახორციელებს.

საუბარია რეკლამებზე Facebook-სა და Instagram-ში 1 წლის განმავლობაში.

მიმართვაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელებს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

“იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე Facebook-ის და Instagram-ის, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის, მათ გამოყენებას უალტერნატივოს ხდის”,- ნათქვამია განცხადებაში.

საუბარია შემდეგი უწყებების საქმიანობისა და აქტივობების რეკლამირებაზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, სოციალურ ქსელ „facebook”-ზე განთავსებული ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდა, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევის, გლდანის, კრწანისის რაიონების გამგეობები; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახური, ზედამხედველობის სამსახური, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ტრანსპორტის სამსახური, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, არქიტექტურის სამსახური, ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, თბილისის განვითარების ფონდი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, პროგრამა “ჩემი ადვოკატი”, თბილისის მედიათეკების გაერთიანება, თბილისის ზოოპარკი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, სამეფო უბნის თეატრი, თბილსერვის ჯგუფი და თბილისის ღამის ეკონომიკა.