მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ დაჩქარებული წესით 0.5 მილიონად 618 ლედ სანათი შეიძინა

615f29ee0d4b3
ანუკა ჯოხაძე
07.10.21 23:00
1014
მიმდინარე წელს თბილისის მერიამ ლედ განათებების შესაძენად თითქმის 91 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, თუმცა იმის გამო რომ გამოცხადებული ტენდერების პირობები კერძო სექტორის მხრიდან გასაჩივრდა, ამ დრომდე შესყიდვის განმახორციელებელი კომპანიების ვინაობა უცნობია. ჯამში საუბარი 4 სახელმწიფო შესყიდვაზე.

თბილსერვის ჯგუფს თბილისის მერიისგან დავალება ჰქონდა, რომ კონკრეტულ ქუჩებზე ახალი ლედ სანათები 10 სექტემბრამდე, დაემონტაჟებინა.

იმის გამო რომ ლედ სანათების დამონტაჟება მოსწრებულიყო, ერთ-ერთ კომპანიისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 618 ცალი ლედ სანათის შესყიდვა განხორციელდა.

ხელშეკრულება კი კომპანია "ვიზულო სოლუშენთან" გაფორმდა, რომლის დისკვალიფიკაციაც, ჯერ კიდევ იანვარში ლედ სანათებზე გამოცხადებულ ტენდერში მოხდა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 450 000 ლარი შეადგინა.

“ფასი ტენდერში პრეტენდენტის მხრიდან უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც საერთო, ისე ერთეულის, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. კომპანია "ვიზულო სოლუშენს" კი, რომელიც მონაწილეობას იღებდა იანვარში 1700 ერთეული ლედ სანათის შესყიდვაზე, გამოცხადებულ ტენდერში ფასი ჰქონდა მითითებული ევროში, ამიტომ იმ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ვიზულომ უკვე შეძლო სრულყოფილად დოკუმენტაციის წარდგენა, ამიტომ მასთან ხელშეკრულება გაფორმდა. 2020 წლის იანვრიდან ვეძებთ კონტრაქტორ კომპანიას, თუმცა სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა მისი შესყიდვა. რამდენიმე კომპანია არაკეთილსინდისიერად კანონის გვერდის ავლით ცდილობს ტენდერში გამარჯვებას. საბოლოოდ ვერ მივედით გამარჯვებულ კომპანიამდე, რის გამოც სანათების შესყიდვა დაჩქარებული წესით მოხდა.”-აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულია.

იურისტი ბადრი ნიაური BM.GE-თან აცხადებს, რომ მსგავსი მომსახურებების შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა არ უნდა დგებოდეს. მისი თქმით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კომპანია, რომელმაც გამარტივებული შესყიდვის გზით, თბილისის მერიას ლედ სანათები უნდა მიაწოდოს, არაა გამორიცხული, რომ მას უკვე გამოცხადებულ ტენდერებშიც მიანიჭონ უპირატესობა.

“როგორც ჩანს დაპირებას უსრულებენ იმ მიმწოდებელს, რომელიც მაღალი ალბათობით მიიღებს სხვა ტენდერებში მონაწილეობას და დიდი ალბათობით სახელმწიფო სწორედ ამ კომპანიას დაუდგება გვერდში. სავარაუდოდ, გამარტივებული შესყიდვის დროს უფრო მაღალი ფასიც იქნება და იმ მარჟას, შუამავლები მიისაკუთრებენ. როგორც ჩანს ამ გზით ხდება გამარტივებული შესყიდვის გამართლება", -ამბობს იურისტი ბადრი ნიაური.

კომპანიების ნაწილი ლედ სანათებზე გამოცხადებული ტენდერების პირობებს თვეების განმავლობაში აპროტესტებდა, რის გამოც ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც BM.GE-თან "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები ამბობდნენ, სატენდერო პირობებში ცვლილებების შეტანა მოხდებოდა. დღეს აცხადებენ, რომ გარკვეულწილად ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინება მოხდა და სატენდერო პირობები შეიცვალა.

“წინსწრებით გადახდის პირობა ამოღებულია, ასევე ანგარიშსწორება იყო უცხოურ ვალუტაში, მაგრამ პრეტენდენტებმა ვერ წაიკითხეს, რომ ანგარიშსწორება ლარშიც იყო შესაძლებელი, ამიტომ ეს პუნქტიც დაფიქსირდა. გავასწორეთ კიდევ რამდენიმე პირობა, რომელიც გასაჩივრებული არ იყო, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მისი ამოღება საჭირო იყო. ასევე ამოვიღეთ ის პუნქტიც, რომელიც მოიცავდა ევროპაში მიწოდების გამოცდილების ქონას.”-ამბობს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულია.

ერთ-ერთი პირობა კი, რომელიც ივლისში გამოცხადებულ სამივე ტენდერში გვხდება არის ის, რომ "თბილსერვის ჯგუფი" ამ ლედნათურების საფასურს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 120 თვის ვადაში, ანუ 10 წელში გადაუხდიდა. როგორც კომპანია BDO ლეგალის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" აცხადებს, აღნიშნული გარემოება კერძო სექტორს მნიშვნელოვან პრობლემას უქმნიდა. მისი თქმით, მიუხედავად, იმისა, რომ "თბილსერვის ჯგუფმა" სატენდერო პირობები მცირედით შეცვალა, გადახდის პირობაში ცვლილებები მაინც არ შესულა.

“ამ პირობით ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულება და პასუხისმგებლობა იყო მიმწოდებლისთვის პროდუქციის მიწოდება, მაშინ როცა ის თანხას მიიღებს 10 წლის განმავლობაში. რაც თავის თავად, რა თქმა უნდა, ლოგიკურად აძვირებს პროდუქციას. შეიძლება რამდენჯერმე ძვირი თანხაც კი გამოვიდეს, ვიდრე ეს გამოვიდოდა პირდაპირი მიწოდების და ჩვეულებრივი გადახდის პირობებში", - ამბობს BDO LEGAL-ის ხელმძღვანელი დავით გელაშვილი.

ივლისში გამოცხადებულ ლედსანათების შესყიდვაზე სამი ტენდერი, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ ლარამდეა შეთავაზებების მიღება 1 ნოემბერს ხდება. ჯამში შემსყიდველებისგან თბილისის მერიამ 100 000 ლედ სანათი უნდა შეისყიდოს.

ამასთან, არსებობს მეორე ტენდერიც, რომლის ღირებულებაც 1,200 000 ლარია. ტენდერზე შეთავაზებების მიღება 8 თვეა დასრულებულია, თუმცა გამარჯვებული ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი.