"თბილსერვის ჯგუფის" ორგანიზებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
უწყებაში ამბობენ, რომ დედაქალაქში კამპანიური ხასიათის დასუფთავების აქციები გრძელდება.
აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, კომპანიის თანამშრომლებთან, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მამუკა ხაბარელთან და ვაჟა კოკაიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას, ასევე, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. დასუფთავების მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ყველა რაიონში ეტაპობრივად ჩატარდება.


























