მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისის მიკროავტობუსი”: 300 მიკროავტობუსის მერიისგან გამოსყიდვის პროცესი დღე-დღეზე დასრულდება

60478b527edf6
სალომე მეცხვარიშვილი
09.03.21 19:15
1733
30 მილიონი ლარის ღირებულების 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვის პროცესი დღე-დღეზე დასრულდება - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა.

საქმე ეხება ახალ ლურჯ მიკროავტობუსებს, რომელიც დედაქალაქისთვის თბილისის მერიამ 2020 წელს შეიძინა. აღნიშნული მიკროავტობუსები სამარშრუტო ხაზებზე უკვე დადიან.

რატომ იყიდა ახალი მიკროავტობუსები მერიამ და არა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა”?

თბილისის მერმა კახი კალაძემ ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკა ე.წ. "ყვითელი მარშუტკები" და თქვა, რომ მათი დიდი ნაწილი ამორტიზებულია, ზოგიერთი კი, საერთოდ - “ძირგავარდნილი”. ამიტომ დედაქალაქის მერი ავტოპარკის განახლებას კომპანიისგან აქტიურად ითხოვდა. სანაცვლოდ “თბილისის მიკროავტობუსმა” მგზავრობის საფასურის ზრდა მოითხოვა. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ სხვა შემთხვევაში ისინი ახალი მიკროავტობუსების შეძენას ვერ შეძლებდნენ, რადგან კომპანია ზარალზე მუშაობდა.

საბოლოოდ 2019 წლის ბოლოს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 30 მლნ ლარის ღირებულების 300 მიკროავტობუსს თბილისის მერია შეიძენდა, მოგვიანებით კი “თუ კომპანიას ამის ფინანსური საშუალება ექნებოდა” მიკროავტობუსებს გამოისყიდიდა. არც კომპანიას და არც თბილისის მერიას გამოსყიდვის თარიღზე არასოდეს უსაუბრიათ.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ bm.ge-მ საკითხი არაერთხელ მოიკითხა, თუმცა, არც კომპანიაში და არც მერიაში ადასტურებდნენ ინფორმაციას, რომ კომპანიამ გამოისყიდა ან უკვე გეგმავს მიკროავტობუსების გამოსყიდვას.

ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ე.წ. ლურჯი მარშუტკები მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის ნაწილი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით მგზავრს შესაძლებლობა ექნება მეტროთი, ავტობუსით ან ახალი - ლურჯი მიკროავტობუსით გადაადგილდეს. საათნახევრის განმავლობაში მოქალაქეს მხოლოდ ერთჯერადად 50 თეთრის გადახდა მოუწევს. აქამდე საათნახევრის განმავლობაში ერთი ბილეთით გადაადგილება მხოლოდ მეტროსა და ავტობუსში იყო შესაძლებელი. შეღავათიანი ტარიფი მხოლოდ ახალ ლურჯ მიკროავტობუსებზე იმოქმედებს.

როგორ შეძლო ფინანსურ კრიზისში მყოფმა “თბილისის მიკროავტობუსმა” 30 მილიონის დაბრუნება თბილისის მერიისთვის პანდემიური 2020 წლის შემდეგ, როცა ე.წ. ყვითელი მარშუტკების მოძრაობა თვეების განმავლობაში იყო გაჩერებული და არც მგზავრობის ტარიფი გაზრდილა?

რატომ დათანხმდა “თბილისის მიკროავტობუსი”, რომელიც ტარიფის ზრდას ითხოვდა, 50-თეთრიან მგზავრობის საფასურს, რომელიც ლურჯ მიკროავტობუსებში იმოქმედებს?

ეს კითხვები კვლავ დღის წესრიგში რჩება - დეტალების შესახებ მეტი ინფორმაცია სავარაუდოდ ხვალ თბილისის მერიის სხდომაზე გახდება ცნობილი, სადაც დედაქალაქის მერი განცხადებას მათ შორის ამ საკითხზე გააკეთებს.