თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1 მაისიდან ამოქმედებულ პროგრამაში, Fix Tbilisi, სადაც დედაქალაქის მოსახლეობა თბილისის მასშტაბით დაფიქსირებული ინფრასტრუქტურული პრობლემის შესახებ განცხადებებს წერს, დღემდე ჯამში 5 638 მიმართვაა შესული. დედაქალაქის მერმა ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე ისაუბრა.
“პროექტის ამოქმედებიდან დღემდე 5638 მიმართვა შემოვიდა 4 მიმართულებით, ესენია: ხე-მცენარეების, საპარკე ინფრასტრუქტურის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების დაზიანებები. ამათგან 2434 მოთხოვნა უკვე შესრულებულია, დაფიქსირებული პრობლემები გამოსწორებულია, ხოლო დანარჩენი განცხადებები შესრულების სხვადასხვა ეტაპზეა”, - ამბობს კახა კალაძე.
მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში ძირითად პრობლემად საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება იკვეთება, რის გამოც ის ვიცე-მერს დამატებითი ფინანსების მოძიებას ავალებს.
“აღნიშნული პროგრამით გამოვლინდა, რომ ძირითადი მოთხოვნები საგზაო ინფრასტრუქტურაზეა. შესაბამისად, მინდა დავავალო ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ დაიწყოს ფინანსების მოძიება, რათა გამგეობებს და მერიის შესაბამის სამსახურებს კიდევ უფრო მეტი რესურსი გავუჩინოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროგრამით დაფიქსირებულ პრობლემებს სწრაფი რეაგირება მოჰყვეს და არ იყოს შეფერხებები”, - აცხადებს კახა კალაძე.
მერიის აპლიკაციის, Fix Tbilisi-ის გადმოწერა Google Play Store და App Store-იდან არის შესაძლებელი. აპლიკაციის საშუალებით დედაქალაქის მოქალაქეს ინფრასტრუქტურის დაზიანების დაფიქსირება, აპლიკაციაში ფოტოსა და აღწერის ატვირთვით, ასევე მისამართის მითითებით შეუძლია.