მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანაპიროდან მთაწმინდის ზედა ქუჩებზე პირდაპირ ასვლა გახდება შესაძლებელი – კალაძე მოძრაობის ახალ სქემას აანონსებს

მთაწმინდა

თბილისის მერი მთაწმინდაზე საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემის შემუშავებას აანონსებს, რომელიც რუსთაველის გამზირის ასევე ახალ სქემასთან იქნება თავსებადი.

"მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან - ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება.

ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება. ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს - ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: რუსთაველის რეაბილიტირებულ გამზირზე სატრანსპორტო სქემა შეიცვლება. ახალი სქემით, სანაპიროდან პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა გახდება შესაძლებელი. დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი სატრანსპორტო კავშირების მოწყობის შედეგად, რუსთაველის გამზირზე ტრანზიტული გადაადგილების საჭიროება შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები