რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირიდან ვიდეოჩართვისას განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, მისი სურვილია, რეაბილიტაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, ვინაიდან ზოგიერთი თემა, მათ შორის, მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული საკითხები, ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკრეტულ ხეს ფესვები დაზიანებული აქვს და არსებობს საფრთხე, რომ ქარის დროს წაიქცეს.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მისი მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელმაც აღნიშნა, რომ ხის მოჭრა შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გადაწყდა.
„მიწის მასის მოჭრის შემდეგ გამოჩნდა ფუღურო. დავიწყეთ სიტუაციის შესწავლა. მომზადდა დასკვნა. ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით, შეისწავლეს და გამოჩნდა, რომ ხე შიგნიდან არის დაზიანებული და არსებობს საშიშროება, შემდეგი დიდი ქარის დროს წაიქცეს. ამიტომ გვიწევს ამ ხის მოჭრა. გვაქვს შესაბამისი დასკვნები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
დღევანდელ ვიდეოჩართვაში თბილისის მერმა ხესთან დაკავშირებულ მეორე შემთხვევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კაფე „სტამბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭადარი ხელს უშლის მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს.
მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან იმის თაობაზე, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული სამუშაოების შესრულება ისე, რომ ხის მოჭრის აუცილებლობა არ დადგეს.
„ხის ფესვები გადის მიწისქვეშა გადასასვლელზე. ახლა ტარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და ვდგავართ იმ რისკის ქვეშ, რომ ან ხე დაზიანდეს, ან ჩაიჭრას ფესვი ისე, რომ შემდგომ პრობლემები შეიქმნას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ ახლა ვმუშაობთ როგორც გარემოს, ისე ჰიდროსაიზოლაციო ექსპერტებთან, რათა თავიდან ავირიდოთ ხის მოჭრა, თუმცა ამის ალბათობა არსებობს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.




























