მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, აგვისტოში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 26% გაიზარდა - რამდენით გაძვირდა ბინები?

6324185e31545
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.22 20:36
1324
თბილისში, აგვისტოში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 26% გაიზარდა - განახლებული ინფორმაცია Colliers Georgia-მ გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 689 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 44%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„2022 წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 35%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი“ - ნათქვამია Recov.ge-ზე განახლებულ სტატისტიკაში.

სეგმენტის მიხედვით, ამ პერიოდში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 153%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ ქალაქის ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით, გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 9% და 16%-ით გაიზარდა. ძველ ბინებს რაც შეეხება, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა.