მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მცირე და საშუალო ზომის რესტორნების სუბსიდირების პირობები ცნობილია

604f6f7d2879b
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.21 18:55
2226
თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. განაცხადის მიღების ბოლო ვადად კი, 5 აპრილი განისაზღვრა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები, რომელთაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდნენ.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის პირობებს, მცირე და საშუალო ზომის კვების ობიექტებმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:

• ობიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს 2020 წლის 28 ნოემბრამდე. (არალიკვიდირებული სტატუსით);
• 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში ბრუნვა, ჯამში, არაუმეტეს 100 000 ლარს უნდა შეადგენდეს;
• ობიექტს 20-80 სკამი უნდა ჰქონდეს. დასადასტურებლად საჭიროა, 2020 წლის ოქტომბრის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც ობიექტზე სკამების რაოდენობა იქნება მითითებული;
• იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ მან 2020 წლის ოქტომბრის მიხედვით (წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად) 20-მდე დასაქმებულის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

სუბსიდირების პროგრამით ის ობიექტები ვერ ისარგებლებენ, რომლებიც წარმოადგენენ:

○ საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს;
○ საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრანშიზს;
○ სწრაფი კვების ობიექტებს;
○ სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში, სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს.

„ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
1. კვების ობიექტის სარეგისტრაციო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტი საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 28 თებერვლის შემდგომ უნდა იყოს განახლებული;
2. თბილსერვისის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით;
2.1 იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი, 2020 წლის ოქტომბრის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს.
3. ინფორმაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ, 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით (გთხოვთ, წარმოადგინეთ აღნიშნულ ლინკზე მოთხოვნილი და მიღებული დოკუმენტაცია);
4. კვების ობიექტის საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები.
ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არა თბილისის მუნიციპალიტეტის, არამედ საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. როგორც პროგრამის დაანონსებისას, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განაცხადა, პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 მლნ ლარი იქნება.