18.მაისი .2022 19:30

თბილისში უძრავი ქონების ყიდვა 11%-ით გაძვირდა, ქირის ფასი კი 83%-ითაა გაზრდილი - TBC Capital

თბილისში უძრავი ქონების ყიდვა 11%-ით გაძვირდა, ქირის ფასი კი 83%-ითაა გაზრდილი - TBC Capital
views 2050
უკან

თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ კვლევას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში 10.7%-ით გაიზარდა და 899 დოლარს აღწევს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მიგრაციაა.

გაცილებით ძლიერი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება უძრავი ქონების გაქირავების სექტორში. თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, დედაქალაქში კვადრატული მეტრის ქირის საშუალო ფასი 8.7 დოლარს შეადგენს, რაც 83.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინა თვესთან შედარებით კი - 21.5%-ით მეტი.

საერთო ჯამში, აპრილის თვეში 3,329 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 10.3%-ით ჩამოუვარდება მარტის მაჩვენებელს, თუმცა 9.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, აპრილში უძრავი ქონების ფასები თბილისის ყველა უბანში გაიზარდა, თუმცა ზრდის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელი (+16.1%) საბურთალოზე ფიქსირდება; მეორე ადგილს დიდი დიღომი იკავებს, სადაც ფასები 14.3%-ით გაიზარდა; ხოლო ვაკეში უძრავი ქონების ღირებულება საშუალოდ 10.9%-ითაა გაზრდილი.

საბურთალო ლიდერობს მოთხოვნის ასპექტშიც - აპრილის თვეში განხორციელებული ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 20% საბურთალოზე მოდის; 18.5% კი - დიდ დიღომზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა