08.მარტი .2021 17:50

თებერვალში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 9%-ით შემცირდა - TBC Capital

თებერვალში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 9%-ით შემცირდა - TBC Capital
views 399
უკან

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ახალი იპოთეკური სესხების გაცემა შენელდა.
TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბანკის მიერ თებერვალში დამტკიცებული იპოთეკების რაოდენობა 8.8%-ით შემცირდა. 

ანგარიშის თანახმად, იპოთეკური სესხების შემცირების მიუხედავად, 1-25 თებერვლის პერიოდში თბილისში ბინების გაყიდვების მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. 

2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა უძრავი ქონების ფასების სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას აფინანსებდა. BMG-ის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკიდან ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხი სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდირდა. ამასთან, გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარი იყო. 

შესაბამისად, სუბსიდირებული სესხის საშუალო მოცულობა 98,063 ლარია. 

რა იყო სუბსიდირების პროგრამის პირობები: 

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს; 
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში; 
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა); 
● სუბსიდია გაიცემოდა არაუმეტეს 200,000 ლარიან სესხებზე; 
● შეეხო მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღო იპოთეკური სესხი ახალ აშენებული ბინის შესაძენად.