მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელევიზიების ვალები - ფინანსთა სამინისტროს განმარტებები 55-მილიონიან დავალიანებაზე

5e4ea2274944a
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.20 19:25
975
ტელეკომპანიებს – "მაესტროს", "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს სახელმწიფოს წინაშე 55-მილიონიანი დავალიანება აქვთ, რაც მათ 2016-2019 წლებში დაუგროვდათ.

დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ ტელევიზიებისგან წარმოდგენილია წინადადებები, რომ ისინი არსებული დავალიანებების დაფარვას 5-წლიანი გრაფიკით ითხოვენ.

BMG-ის მიერ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილზე პასუხად მივიღეთ, რომ სამინისტრო ამჟამად მაუწყებლების წინადადებებს სწავლობს, რის შემდეგაც გადაწყდება, გაფორმდეს თუ არა მათთან საგადასახადო შეთანხმების ხელშეკრულება. ამასთანავე, სამინისტრო განმარტავს, რომ ტელევიზიები ვალის მომსახურებისთვის საშეღავათო პერიოდს არ ითხოვენ.

"დღეის მდგომარეობით, ტელეკომპანიების მიერ წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. ტელემაუწყებლებს წარმოდგენილი აქვთ განცხადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მოხდება დეკლარირებული გადასახადის სრულად გადახდა. აღნიშნული გრაფიკი, ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები.

საშეღავათო პერიოდი მოთხოვნილი არაა. ფინანსთა სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადებების განხილვა. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ წინადადებებზე იქნება დადებითი პასუხი, ვადის ათვლა დაიწყება საგადასახადო შეთანხმების გაფორმებიდან", - ნათქვამია წერილში.

ტელეკომპანიები – "იმედი", "მაესტრო" და "რუსთავი 2" 2016-2019 წლებში გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "იმედს" ბიუჯეტის წინაშე 19 მილიონი ლარი, "მაესტროს" 8 მილიონი ლარი, "რუსთავი 2"-ს კი 28 მილიონი ლარი მართებს.