მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: ჰესების მშენებლობის საკითხზე მთავრობა პრინციპული უნდა იყოს

63ea75872fc8f
თელარა გელანტია
13.02.23 22:20
952
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა პრინციპული უნდა იყოს.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა.

„ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ტემპი, რომელიც ახლა არსებობს არ მომწონს... მთავრობა ჰესების მშენებლობის საკითხზე პრინციპული უნდა იყოს... როდესაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, ადგილობრივი მცხოვრებლები გამოდიან ჰესის აშენების წინააღმდეგ, ჩემი აზრით, მათ უნდა ავუხსნათ ამ პროექტის საჭიროება; შეიძლება არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია და გაურკვევლობაში არიან. ვფიქრობ, ძალიან იოლი მოსაგვარებელია, ამ ადამიანებს დაუკმაყოფილო ის მცირე მოთხოვნილებები, რომლებიც იმ ადგილის მიმართ სუბიექტურად გააჩნიან, სადაც დაიბადნენ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ და ენერგეტიკაში არსებული პოტენციალის ათვისების დაბალი ტემპის, მისი აზრით, მთავარი მიზეზიც დაასახელა.

„ეს იმის გამოა, რომ ორიენტირებული ვართ, არ ვაწყენინოთ ამომრჩევლებს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის: ადამიანთა გარკვეული ჯგუფების პროტესტი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ქვეყანაში არაერთი ჰესის მშენებლობაა შეჩერებული. გარდა ამისა, რამდენიმეა წელია სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მთავრობამ გარანტირებული შესყიდვის ე.წ. PPA მექანიზმი შეაჩერა, რაც კერძო სექტორის შეფასებით, ასევე აისახა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

„ბოლო ხუთი წელი ენერგეტიკაში ინვესტიციები თითქმის გაჩერებული იყო“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის საქმიანობის შეჯამებისას და იქვე დასძინა, რომ მინიმუმ 2-3 წელიწადში, დაახლოებით, 2300 მეგავატამდე სიმძლავრის გენერაციის ობიექტები აშენდება ქვეყანაში, მათგან 800 მეგავატი - უკვე გაფორმებული და გაცემულია PPA ხელშეკრულებების ფარგლებში, 1500 მეგავატამდე კი - ენერგეტიკის მხარდამჭერი ახალი ე.წ. CFD მექანიზმის დახმარებით, რითაც ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი გამოაცხადა.

მთავრობა პირველი აუქციონით 300 მეგავატის სიმძლავრის გენერაციის ობიექტების აშენებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს. დაინტერესებულ კომპანიებს აუქციონში მონაწილეობა მიღებისთვის 41 დღე რჩებათ.