მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს აქციები სამად გაიყოფა - რა გავლენა ექნება ამ მოვლენას საფონდო ბირჟაზე?

62f896dfd2dad
გიორგი ბერუაშვილი
15.08.22 00:15
2896
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ კომპანია Tesla-მ დაკარგა ელექტრომობილების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი (ეს სტატუსი უორენ ბაფეტის რჩეულმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა - BYD-მ მოიპოვა), Tesla-ს გავლენა და მასშტაბები ამ ინდუსტრიაზე მაინც წარმოუდგენლად დიდია.

ილონ მასკი კომპანიას სათავეში 2008 წელს ჩაუდგა, 2010 წელს კი ტესლას აქციები საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განთავსდა. 8 წლის შემდეგ, 2018 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი იყო, დღეის მონაცემებით კი კომპანიის ღირებულება დაახლოებით 940 მილიარდი დოლარია. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ დღეს ფასები საგრძნობლად შემცირებულია. Tesla-მ თავის მაქსიმალურ კაპიტალიზაციას 2021 წლის ოქტომბერში მიაღწია, როდესაც ის ბირჟაზე 1.6 ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული.

2022 წლის 4 აგვისტოს შედგა კომპანიის აქციონერთა შეკრება. განხილული საკითხებიდან უმნიშვნელოვანესია ერთი შეთანხმება, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს აქციების ფასზე. დღეის მონაცემებით, Tesla-ს ერთი აქციის შეძენა დაახლოებით 900 დოლარად არის შესაძლებელი, 25 აგვისტოდან კი ერთი აქციის ღირებულება მისი ამჟამინდელი ფასის მესამედი გახდება. კომპანიის ხელმძღვანელობამ აქციების გაყოფა დააანონსა - 3:1 პრინციპით. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო 824 მილიონი აქციის მფლობელმა, საიდანაც მხოლოდ 9 მილიონი აქციის მფლობელი იყო წინააღმდეგი (დაახლოებით 1%).

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება, ანუ კომპანიის რეალური ღირებულება ბირჟაზე იგივე დარჩება. ამავდროულად, უცვლელი რჩება ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც კომპანიის ღირებულებასა და ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას.

აქციების დაყოფით ერთადერთი რაც იცვლება არის აქციის ფასი. კომპანიის ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებას იღებენ ინდივიდუალური ინვესტორების მოზიდვის მიზნით. მართალია დღეს ერთი აქციის მცირე წილის შეძენის უამრავი შესაძლებლობა არსებობს (მათ შორის საქართველოს ბანკის ინვესტიციების პლატფორმა), თუმცა ბუნებრივია, რომ აქცია უფრო მიმზიდველად გამოიყურება, როდესაც მისი ფასი ნაკლებია - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის, რომელთაც შედარებით ნაკლები საწყისი კაპიტალი აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Tesla-მ აქციების გაყოფა დააანონსა. 2020 წელს, მაშინ როდესაც კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1300$-ს აღწევდა, Tesla-ს ხელმძღვანელობამ აქციების გაყოფა 5-1 პრინციპით გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ კომპანიის ერთი აქციის ფასი დაახლოებით 2000 დოლარამდე გაზარდა, თუმცა აქციის გაყოფის შედეგად ერთი აქციის ღირებულება $460-მდე შემცირდა.

წელს ვითარება სხვაგვარად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს კომპანიის აქციების გაყოფის განცხადებამ ინვესტორებზე უაღრესად დადებითად იმოქმედა და აქციების ღირებულებამ დაახლოებით 50%-ით მოიმატა, წელს იგივე განცხადების გაკეთებას (რა თქმა უნდა, სხვა მოვლენების გათვალისწინებით) მსგავსი დრამატული შედეგი არ მოჰყოლია.

მიუხედავად ყველაფრისა, Tesla ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კომპანიად ინვესტორებისთვის, რომელიც შემოსავლების ზრდის პოტენციალით, ინოვაციების სიუხვითა და განსაკუთრებული ხელმძღვანელით გამოირჩევა.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.