მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე: "ვაყალიბებთ ვაქცინაციის ოფიცერთა ჯგუფს"

6094436a80fe2
თამთა ჯიჯავაძე
06.05.21 23:28
708
ჩვენ ვაყალიბებთ ვაქცინაციის ოფიცერთა ჯგუფს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც ერთი მხრივ მოსახლეობამდე მიიტანენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას, რა სარგებელი აქვს მას და რა რისკები შეიძლება არსებობდეს, ხოლო მათი დარწმუნების შემდეგ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ისინი ადგილზევე დაარეგისტრირებენ მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის.

„გვაქვს არაერთი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ბევრად უფრო მარტივი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან გამოიკვეთა არაერთი ბარიერი იმისა, რომ გარკვეულ მოქალაქეებს ვაქცინიაციის პორტალზე რეგისტრაციაზე წვდომა არ აქვს“, - აღნიშნა ტიკარაძემ და დასძინა რომ ეს იქნება დამატებითი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას, რაც დაეხმარება ქვეყანას მიაღწიოს მიზანს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრას.

მინისტრის თქმითვე, ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა. მაგალითად, გუშინ იყო რეკორდული მაჩვენებელი, როდესაც 3600-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს. გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან, იმ ჯგუფებთან, რომელთა ვაქცინაციაც არის უპირობოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში აცრილია 51600-ზე მეტი ადამიანი.