მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასების კლებაა მოსალოდნელი - პროგნოზი

62680ac05890d
ეგნატე შამუგია
26.04.22 20:10
7055
ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობის მაღალი ნიშნულები კვლავ რჩება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომია. აღნიშნულმა კი ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვლა, რადგან რუსეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი ქვეყანაა. ამ პირობებში ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბარელზე ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130 დოლარსაც აღწევდა.
 
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ აპრილში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 108 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 9 დოლარით ნაკლებია. ნავთობის ფასის კლება კი რეზერვების გამოყენების დაანონსებას უკავშირდება. ჯერ კიდევ 31 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააანონსა, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან დღიურად დამატებით მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი ბაზარს მიეწოდებოდა, რაც მოგვიანებით, 07 აპრილს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა. ასეთ პირობებში მცირდება ფასები, რადგან იზრდება ნავთობის მიწოდება.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

მარტში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 117.3 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ფასს ბარელზე 20.1 აშშ დოლარით აღემატება. ამ პერიოდში კი, წინა თვესთან შედარებით, ფასი საშუალოდ 10.6 დოლარით იყო გაზრდილი. ჯერ კიდევ მარტში ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ 117.0 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული, რაც მარტში დაფიქსირებულ ფასს 3 დოლარით ჩამორჩება. ამ პერიოდში მაღალი ფასი კი მიწოდების მხრიდან შექმნილ შეფერხებებს უკავშირდებოდა, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში უკრაინის შეჭრის და დაწესებული სანქციების შედეგია. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი კი 2014 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულია.

მარტში ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79.3%-იანი ზრდაა. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 51.8 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის მარტში ნავთობის საშუალო ფასი 65.4 აშშ დოლარი იყო. მთლიანად წლის მანძილზე კი პანდემიის პირველ წელთან შედარებით ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 28.9 აშშ დოლარითაა გაზრდილია, რაც 69.3%-იანი ზრდაა.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის საკმაოდ მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მეორე კვარტლისთვის ბარელზე საშუალოდ 107.7 აშშ დოლარია პროგნოზირებული. წინა თვის პროგნოზით, მეორე კვარტალი საშუალოდ 116 დოლარით იყო ნავარაუდევი. 100-დოლარიან ნიშნულზე ნაკლები კი, წლის ბოლოსკენაა პროგნოზირებული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ომის და შექმნილი განუსაზღვრელობის პირობებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია. ნედლ ნავთობზე მკვეთრად მაღალი ფასების, 2020 წლის მეორე ნახევრიდან ნავთობის მარაგების შემცირების ფონზე, განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, ნავთობის ბაზარზე წარმოების და მიწოდების შეფერხებას, რაც რუსეთთანაა დაკვირვებული. ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ამ უკანასკნელიდან ნავთობის წარმოება შემცირდა.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის მარტში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 98.3 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 1.2 მლნ ბარელით ჩამორჩება, ხოლო თებერვლის საშუალო დღიურ მოხმარებას კი - 2.2 მლნ ბარელით. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საშუალო დღიური მოხმარება 2 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6.5 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის მარტში საშუალო დღიური მოხმარება 91.8 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის აპრილისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 98.3 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.9 მლნ ბარელით ნაკლებია. ნავთობპროდუქტების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება გლობალურად ეკონომიკის ზრდის ტემპის კლების ვარაუდს უკავშირდება. ამდენად, წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.7 მლნ ბარელით ნაკლები, 99.2 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 3.0 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 14.3 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია.

ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება, თუმცა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთ-საქართველოს სავაჭრო პარამეტრების ზრდის ტემპი შემცირდება, რომლის კომპენსირება შეიძლება აზერბაიჯანის და სხვა რეგიონის ნავთობმომპოვებელი ეკონომიკების მიერ მოხდეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.71 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით 0.03 მლნ ბარელით ნაკლებია. წლის მესამე კვარტალში კი აზერბაიჯანის საშუალო დღიური წარმოება 0.73 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა, თუმცა გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებაში აისახება.

ამდენად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და მიმდინარე ომის გამო ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა გაუარესებულია, რაც ფასების მკვეთრ ზრდაში აისახა. ჯამში, რუსეთის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის საშუალო დღიური წარმოება მეორე კვარტალში საშუალოდ 10.41 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც უკრაინაში შეჭრამდე 11.49 მლნ ბარელი იყო. ეს კი მიუთითებს, რომ გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, თუმცა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ½ -ის ჩანაცვლება ხუთი - საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ირანი, აშშ და ვენესუელა - ნავთობმომპოვებლის მიერ წარმოების გაზრდითაა შესაძლებელი. ამ ქვეყნებს არსებული მდგომარეობით ნავთობის მოპოვების საშუალოდ 4.8 მლნ ბარელით გაზრდა შეუძლიათ.