06.ოქტომბერი .2022 12:33

თსუ-ს ბუღალტერი 165 000 ლარის მითვისებისთვის დააკავეს - პროკურატურა

თსუ-ს ბუღალტერი 165 000 ლარის მითვისებისთვის დააკავეს - პროკურატურა
views 641
უკან

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, დაკავებულია თსუ-ს ბუღალტერი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და დიდი ოდენობით თანხა - 165 000 ლარი მიითვისა. 

"საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა