მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საქართველო EU-დან ავტომობილებს რუსეთში რეექსპორტისთვის ყიდულობს, ეს სანქციებისთვის გვერდის ავლაა - ო’სალივანი

649c6d2c5c204
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.23 23:30
1634
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების მეთერთმეტე პაკეტზე BMG-ის კითხვას უპასუხა. ახალი სანქციების თანახმად, აკრძალულია რუსეთში 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტირება. წინა სანქციით, აკრძალული იყო 50,000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში ექსპორტირება.

დევიდ ო’სალივანის განცხადებით, თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ყიდულობენ შესაბამისი კატეგორიის ავტომობილებს მათი შემდგომში რუსეთში რეექსპორტის მიზნით, მაშინ ეს სანქციებისთვის გვერდის ავლას წარმოადგენს. თუმცა, ამავდროულად ო’სალივანმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი რისკების აღმოფხვრაზე საქართველოს ხელისუფლება მუშაობს.

“თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ახდენენ ავტომობილების იმპორტს, რუსეთში მათი შემდგომი რეექსპორტის მიზნით, ეს მართლაც სანქციებისთვის თავის არიდება იქნება. რამდენადაც ვიცით, ეს ამჟამად ასე არ არის, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება უყურებს ამ საკითხს და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ თუ რა იქნება მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში,”- განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.

მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2023 წლის 5 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 2,943 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 41 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 458%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები