მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტებისთვის ჩვენ წითელ ზონაში მოვიაზრებით, სადაც ვაქცინა არ ჩამოსულა - შალვა ალავერდაშვილი

6048d7de73d32
ელენე გოგბერაშვილი
10.03.21 21:05
1188
საქართველომ ტურისტებს ცა გაუხსნა, თუმცა მხოლოდ ფრენების აღდგენა არ გამოდგა საკმარისი, რომ ქვეყანამ ტურისტების დიდი ნაკადი მიიღოს. იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინა იგვიანებს და ვაქცინაციის პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა, სასტუმროებს გარანტირებული ჯავშნები უახლოეს პერიოდში არ აქვს.

როგორც სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამ მიზეზით ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს პირდაპირ არა, მაგრამ მოუწოდებენ, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

"ყოველდღიური მოლაპარაკებები გვაქვს, ჯავშნები მოდის მაისის ბოლოდან, მანამდეც არის, მაგრამ ეს დაუდასტურებელი ჯავშნებია. ძირითადად ჯავშნები მოდის პოსტსაბჭოთა სივრციდან, თუმცა არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ისინი ჩამოვლენ ან წინასწარ თანხას ჩარიცხავენ. ეს არის სურვილი და არ არიან დარწმუნებული, რომ ჩამოვლენ.

პანდემია არის სხვა ქვეყანაშიც და ყველა ქვეყანას თავისი რეგულაციები აქვს. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საკმაოდ ცუდად აისახება ჩვენზე არის ის, რომ ჩვენთან ჯერ ვაქცინაცია არ დაწყებულა, რაც ძალიან ცუდია, ჩვენ წითელ ზონაში მოვიაზრებით, რადგან ვაქცინა არ ჩამოსულა. ევროპულ ქვეყნებს საქართველოში წამოსვლისკენ თავისი მთავრობები პირდაპირ არა, მაგრამ შიდა მიმოწერებში მოუწოდებენ თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა. პარტნიორებს როცა ველაპარაკებით, გადაჭრით უარს არ გვეუბნებიან, თუმცა არც დადასტურებით გვეუბნებიან რამეს, ველოდებით რა მოხდება...“ - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, 2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 91%-ით შემცირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში უცხოეთის 42 075 მოქალაქე იმყოფებოდა. რაოდენობრივად შემცირება 424 334-ია.

2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა.

2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას ნიშნავს. ვიზიტორების დიდი ნაწილი 2020 წლის პირველ კვარტალში "ლოქდაუნამდე" შემოვიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.