მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ სვანეთში საკარანტინო სივრცისთვის 18 სასტუმრო შეარჩია

5f3237b67ca35
BM.GE
11.08.20 10:13
1054
მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინო ზონების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება დაიწყო, შედეგად უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ტურისტების საკარანტინო ზონებში გადასაყვანად მესტიაში უკვე იდენტიფიცირებულია 18 სასტუმრო, რომელიც საკარანტინო სივრცისთვის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და გავლილი აქვს ინსპექტირება. მიმდინარეობს კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში. მოვუწოდებთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს, შიდა ტურისტებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში," - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ამ დროისათვის ცხელი ხაზის "144"-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს 100-ზე მეტ განთავსების ობიექტთან სტუმრების რაოდენობის დასადგენად. ადმინისტრაციის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტრანსპორტი მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარებას გაუწევენ იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფება სვანეთში.

ადგილზე მობილიზებულია ყველა უწყება, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დამსვენებლებმა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ. მუნიციპალიტეტში ასევე ფუნქციონირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი.