მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილს აკრიტიკებს

5fa13a01e1b41
მარიამ ადამია
03.11.20 15:03
2046
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არ იცის მათემატიკა, წარმოდგენა არ აქვს, რა არის ეკონომიკა, რას ხელმძღვანელობს და როგორ უნდა იმუშაოს და აამოქმედოს ტურიზმი, მარიამ ქვრივიშვილმა მაშინაც არ იცოდა მათემატიკა ჩემი მოადგილე რომ იყო, მაგრამ სხვამ ხომ შეიძლება იცოდეს და სხვას კითხონ რჩევები,“ - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მუსიკალური ფესტივალის Gem fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, „ტურიზმის სტრატეგიას“ არათუ ვინმე მიყვება ქვეყანაში, წაკითხულიც კი არავის აქვს, თავად იმ ადამიანებსაც კი, ვინც აჟღერებენ ამ ათწლიან გეგმას.

„2019 წელს, როდესაც 9 მილიონ 400 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მივიღეთ, ტურიზმის შემოსავალმა 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა. ახლა ათწლიან ტურიზმის სტრატეგიას ჩავხედოთ, სადაც მითითებულია, რომ 2025 წელს ქვეყანაში უნდა შემოვიდეს 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი და მათ უნდა შემოგვიტანონ 6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი.

საიდან გამოიყვანეს ეს რიცხვი? როცა პანდემიამდე ტურიზმი საშუალოდ 10-15%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად, გაცილებით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი უნდა ყოფილიყო, არადა გამოთვალეს 11 მილიონი... ანუ სტრატეგია არასწორად არის გაწერილი, ანუ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას 16%-ით ზრდიან და შემოსავლებს აორმაგებენ. ლოგიკისა და კომპეტენციის აცდენის ნათელი მაგალითია და სტრატეგია დასაკორექტირებელი კი არა, თავიდან არის დასაწერი“, -აღნიშნა გიორგი სიგუამ.

ინფორმაციისთვის, „ტურიზმის სტრატეგია 2025“ ანუ ათწლიანი გეგმა, რომელიც 2015 წელს დაიწერა, კერძო სექტორის შეფასებით, პანდემიის პირობებში საჭიროებს კორექტირებას. დოკუმენტი ითვალისწინებს, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას იმ დროისთვის არსებული 1.8 მლრდ აშშ დოლარიდან 5.5 მლრდ აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორის გაიწერა ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. უწყების ცნობით, 2025 წლისთვის საქართველო კარგად იქნება ცნობილი როგორც პრემიუმ კლასის, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული დანიშნულების ადგილი, გამორჩეული თავისი უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო კლასის სერვისით და სტუმარ–მასპინძლობის უკვდავი ტრადიციით.