მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს - ელჩი

62a7520b0945d
მარიამ ვარადაშვილი
13.06.22 19:09
2437

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსულ დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებას, რომ თითქოს აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. მისივე თქმით, ვერ ისაუბრებს საქართველოს პრემიერის განცხადებაზე, თუმცა არავინ იცის საქართველოში, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვა სურდეს. 

“როდესაც მესმის, რომ აშშ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს და ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს და მეორე ფრონტი გახსნას, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს.

აშშ-მ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შეეჩერებინა ეს ომი. საერთოდ არ გვსურს საქართველო ამ ომში ჩართული ვიხილოთ.

ევროკავშირი და NATO არიან ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობას. სწორედ ევროანტლანტიკური სივრცე არის გარანტი და ზუსტად ეს უნდა ქართველ ხალხს, ამიტომ ერთგულნი ვართ საქართველოს ამ მისწრაფებების”, - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.

ინფორმაციისთვის: პერიოდულად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურს. აღსანიშნია, რომ მთავრობა ამ თემაზე საუბრისას ღიად ადანაშაულებს ოპოზიციას, უმთავრესად - "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც "ომის პარტიას" უწოდებს. 

აღსანიშნია, რომ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებზე საუბრისას, პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა: "თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო".